ახალი ამბები

ქურდოვანიძე-„ოცნება“ კანონმდებლობაში არადემოკრატიული და რეპრესიული ცვლილებების შეტანას აპირებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კანონმდებლობაში არადემოკრატიული და რეპრესიული ცვლილებების შეტანას აპირებს, პარლამენტი კი მათ მიღებას მეორე და მესამე მოსმენითაც გეგმავს.

„2024 წლის 11 დეკემბერს, პროევროპული პროტესტის მე-14 დღეს, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, თვითგამოცხადებულ პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ ერთდროულად რამდენიმე კანონში დააინიცირა არადემოკრატიული და რეპრესიული შინაარსის ცვლილებები.

მათი განხილვა და მიღება ავტორებმა დაჩქარებული ან გამარტივებული წესით მოითხოვეს და პირველი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი. სავარაუდოა, რომ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენითაც გეგმავს მათ მიღებას“, – აღნიშნა ქურდოვანიძემ.

ქურდოვანიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებას, რის მიზანსაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნა წარმოადგენს.

ცვლილებების შედეგად მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში პროპორციულად ასახვას და მნიშვნელოვნად გაზრდის ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას – ამბობს ქურდოვანიძე.

„ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლავ იზრდება საკრებულოებში მაჟორიტარული კომპონენტი და ის 2017 წლის ნიშნულს უბრუნდება. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც 2024 წლის გაზაფხულზე ერთპარტიულად მიღებული ცვლილებით უკვე გაუქმდა საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ასარჩევად დაწესებული მინიმალური 40%-იანი საარჩევნო ბარიერი და მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობა. საკრებულოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს.

ცვლილებების შედეგად 2025 წლიდან ადგილობრივ წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები თვითმმართველ ქალაქებში (თბილისის გარდა) მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრებს შორის თანაფარდობა 3/2-ით (ნაცვლად 4/1-სა), ხოლო თბილისში 1/1 (ნაცვლად 4/1-სა) პროპორციით განისაზღვრება. სხვა დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს პროპორციული სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობა 15 იქნება, ხოლო მაჟორიტარი წევრები ფარდობითი უმრავლესობის საფუძველზე (ნაცვლად 2/1-სა), საარჩევნო ბარიერისა და შესაბამისად მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობის გარეშე აირჩევიან. ამასთან, გაიზარდა პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა ბარიერი და 4%-ით განისაზღვრა (ნაცვლად 3%-სა და თბილისში 2.5%-სა).

საერთო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობა მხოლოდ ნაწილობრივ უბრუნდება 2017 წლის რედაქციას, რაც, თავისთავად, უკან გადადგმული ნაბიჯია, თუმცა რეალურად საქმე გვაქვს არსებით გაუარესებასთან. ცვლილებების შედეგად მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში პროპორციულად ასახვას და მნიშვნელოვნად გაზრდის ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას. ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე სუბიექტი გაუმართლებელ უპირატესობას მოიპოვებს და მის კანდიდატს საშუალება მიეცემა ამომრჩევლის უმრავლესობის უარყოფითი განწყობის მიუხედავად დაიკავოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობა“, – აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ.