კახეთში, მდინარე ილტოზე წყალსაცავის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2026 წელს დაიწყება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, თენგიზ ნასარიძის განცხადებით, კახეთში, მდინარე ილტოზე წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2026 წელს დაიწყება.
როგორც მინისტრის მოადგილემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ აღნიშნა, წყალსაცავის მშენებლობა ძალიან საპასუხისმგებლოა და შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია სწორი პროექტირება, რომელსაც დაახლოებით, 1-1.5 წელი დასჭირდება.
რაც შეეხება პროექტის დასრულებას – თენგიზ ნასარიძის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 3-4 წელი გაგრძელდება.
„ჩვენ აქამდე, საქართველოს ისტორიაში არ გვქონია საშუალება, რომ წყალსაცავი აგვეშენებინა. ახლა ამის პრეტენზია უკვე გვაქვს. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია იმისთვის, რომ კახეთში მდინარე ილტოზე წყალსაცავი აშენდეს. ამჟამად, წინასაპროექტო კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს და შედეგად ჩვენ უნდა მივიღოთ ახალი წყალსაცავი კახეთში. ეს ძალიან დიდ ეფექტს მოგვცემს. ფაქტობრივად, ალაზნის სარწყავი სისტემა 40 000-50 000 ჰა. გარანტირებულ წყალუზრუნველყოფას მიიღებს. გარდა ამისა, ეს შეეხება დაახლოებით, 70 000-მდე შინამეურნეობას“, – აცხადებს თენგიზ ნასარიძე.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სარწყავი წყლის რესურსებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, კახეთის რეგიონში, გაუმჯობესებული წყალუზრუნველყოფა სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ 50 ათასზე მეტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე იქონიებს გავლენას.