ახალი ამბები

რომელ მუნიციპალიტეტებში დაიწერა საჩივრებში კახეთის რეგიონში

კახეთის რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში 294 844 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. საპარლამენტო არჩევნების დღეს რეგიონში, 256 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სადაც 38 საჩივარი დაიწერა.

ყველაზე მეტი საჩივარი დაიწერა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწერა 18 საჩივარი. აქედან, 15 დაწერეს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, ხოლო 3 – “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა.
ISFED-ის წარმომადგენელი ირმა ბურდული საჩივარში წერს, რომ მე-12 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაციას კენჭისყრის შენობაში და ზეწოლა მოხდა დამკვირვებელზე.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების საჩივრებში წერია:
დედოფლისწყაროს პირველ და მეორე საარჩევნო უბნებზე, რეგისტრატორებმა ამომრჩეველზე გასცეს 2-2 ბიულეტენი.
დედოფლისწყაროს მერვე უბანზე სარეგისტრაციო მაგიდები კედელთან ახლოს იყო, რის გამოც დამკვირვებლებს ეზღუდებოდათ დაკვირვების უფლება.
მეათე, სოფელ გამარჯვების საარჩევნო სიებში აღმოჩენილია სამი გარდაცვლილი.
დედოფლისწყაროს მეოთხე უბანთან, მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც ჰქონდათ ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები.

ყვარლის მუნიციპალიტეტი:
ყვარლის მე-16 საარჩევნო ოლქში 12 საჩივარი დაიწერა. აქედან 9 “სამართლიან არჩევნების” წარმომადგენლებმა დაწერეს.
“სამართლიან არჩევნების” საჩივრის მიხედვით, მე-13 საარჩევნო უბნის შესასვლელ კართან იდგნენ ქართული ოცნების კოორდინატორები, რომლებიც უბანზე მისულ ამომრჩეველს ეუბნებოდნენ შემოეხაზათ 41 ნომერი. ამავე უბანზე შევიდა უცხო პირი, რომელსაც არ ჰქონდა “ბეიჯი”. ის იქ მყოფ თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს ეკითხებოდა – “რა ხდება ხომ ყველაფერი რიგზეა, ისე მიდის როგორც ვვარაუდობდითო?”
ყვარლის მესამე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის მაგიდები ისე იყო განთავსებული, რომ დამკვირვებლებს არ ეძლეოდათ საშუალება სრულად დაჰკვირვებოდნენ პროცესს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი:
გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაიწერა 3 საჩივარი.
“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის თამუნა მინდორაშვილის ინფორმაციით, 26-ე უბანზე არჩევნების წინასწარი შედეგები ისე ამობეჭდეს, რომ გადასატანი ყუთის მონაცემები/ბიულეტენები არ იყო შეტანილი ხმის მთვლელ აპარატში. ორგანიზაცია კომისიის თავმჯდომარისთვის დისციპლინურ პასუხისმგებლობას ითხოვს.
„კოალიცია ცვლილებების“ წარმომადგენლის სოფიო ბეზარაშვილის საჩივრის მიხედვით, მერვე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი და თავმჯდომარე გასული იყვნენ საარჩევნო უბნიდან ისე, რომ ისინი არ ჩაუნაცვლებია სხვა რეგისტრატორს. ამან გამოიწვია ამომრჩეველთა რიგი და უკმაყოფილება. კოალიცია ითხოვს კომისიის თავმჯდომარისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.
“საქართველოს მომავლის აკადემიის” დამკვირვებლის თამარ დიაკვნიშვილის ინფორმაციით, გურჯაანის მეოთხე უბანზე მას არ ეძლეოდა საშუალება სრულყოფილად დაჰკვირვებოდა საარჩევნო პროცესს. მიზეზად დასახლებულია რეგისტრატორის მაგიდების ისე განლაგება, რომ ვერიფიკაციის აპარატებთან თავისუფლად გადაადგილება შეუძლებელი იყო. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საჩივარი დილით 08:15 საათზე დაიწერა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტი:
სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაიწერა 2 საჩივარი.

„კოალიცია ცვლილებების“ წარმომადგენლის ნანა ქოქიაშვილის საჩივარში წერია, რომ 25-ე, ბოდბის საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ მათ დამკვირვებელს გიორგი ბაღაშვილს არ მისცა უფლება გაჰყოლოდა გადასატან ყუთს.
მეორე საჩივრის მიხედვით, ისინი ითხოვდნენ 25-ე, ბოდბის საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის მაგიდების კედლიდან მოშორებას, რათა დამკვირვებლებს შესძლებოდათ პროცესზე ზედამხედველობა, თუმცა თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი:
საგარეჯოში 2 საჩივარია – ერთი დაწერა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ „ღია სივრცე კავკასია“, მეორე – “სამოქალაქო იდეა – სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული ევროატლანტიკური არჩევანისათვის”. ამ ორგანიზაციის საჩივარში წერია, რომ დამკვირვებელ თეონა ჯაფოძე საგარეჯოს 31-ე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესზე დაკვირვების საშუალება არ მიეცა.
“ხმის დათვლის მოსამზადებელი პროცედურების ჩატარების დროს, საუბნო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა “ღია სივრცე კავკასიის” დამკვირვებელი, რომელსაც სურდა, ხმის დათვლის პროცესის დაკვირვება, როგორც მეთვალყურეს, რის უფლებსაც კომისია არ აძლევდა და სთხოვდა მოშრებოდა მაგიდას. კომისიის თავმჯდომარემ გამოიძახა პოლიცია და დამკვირვებელი უბნიდან გააძევა“ – წერია საჩივარში. ორგანიზაცია “ღია სივრცე კავკასია” ითხოვს, საუბნო კომისიის თავმჯდომარეს დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საგარეჯოს 39-ე უბანზე საჩივარი დაწერა ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეამ”. დამკვირვებელი გიგა თოდაძე წერს, რომ 39-ე უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხმა მისცა 2003 წელს გაცემული ძალადაკარგული ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობით. საჩივრის მიხედვით, რეგისტრატორმა ხელით შეიყვანა ამომრჩევლის მონაცემები და დარღვევა არ დაუფიქსირებია. მომჩივანი მსგავსი ტიპის დარღვევაზე, რეგისტრატორის დისციპლინურ პასუხისმგებლობას ითხოვს.

თელავის მუნიციპალიტეტი:
თელავში 1 საჩივარი დაიწერა. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის, თამაზ ლაჩაშვილის ინფორმაციით, მე-13 უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო კაბინაში გადაიღო ფოტო, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს არ ჰქონდა რეაგირება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი:
1 საჩივარია დაწერილი ლაგოდეხის მე-15 ოლქში. “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ეკატერინე პაქსაშვილი საჩივარში წერს, რომ მე-16 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის კაბინაში ფოტოს გადაღების არაერთი შემთხვევა იყო, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია.

ახმეტის მუნიციპალიტეტში საჩივარი არ დაწერილა.