ავტობუსების შეძენის ვალდებულება შესაძლოა თავად მძღოლებს დაეკისროთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქალაქთაშორისო რეგულარული მგზავრთგადაყვანის რეფორმა დააანონსა.
ახალი რეგულაციის თანახმად, 150 კმ-ზე მეტ მანძილზე მგზავრების გადაყვანა მხოლოდ M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსით) იქნება ნებადართული. ახალი ნორმა 2025 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.
რეფორმის პროცესში აქტიურად არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ შორისაა „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“. ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ უცნობია იმ მძღოლების რაოდენობა, რომლებსაც მგზავრები 150 კმ-ზე მეტ მანძილზე გადაჰყავთ. უცნობია ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებიც მგზავრებს ემსახურებიან. არ არის აღრიცხული რეისების მარშრუტები და სიხშირე. ასევე, არ ვიცით რამდენი სადგური ფუნქციონირებს ქვეყანაში.
,,ჩვენ არ ვიცით რამდენია მძღოლი, რამდენია ავტოტრანსპორტი ან რამდენია ავტოსადგური. საერთოდ ინფორმაცია არ არსებობს, ამიტომ პირველი რაც უნდა მოხდეს არის მძღოლებისა და ავტოტრანსპორტის რეგისტრაცია. რადგან არ არსებობს ინფორმაცია. რეგისტრაციის შემდეგ გვექნება ინფორმაცია და რეალური სურათი, რასთან გვაქვს საქმე. მე არ მგონია, რომ სახელმწიფომ შეიძინოს ავტოტრანსპორტი. ეს თავის თავად არის ბიზნესი. როცა გადაგყავს მგზავრები უნდა შეიძინო ავტოტრანსპორტი. დეტალებში შესვლა რთულია, რადგან ამ დეტალებზე ჯერ არ ყოფილა ჩაშლა. ზოგადი სურათი შეგვიძლია დავინახოთ. ავტოტრანსპორტი უნდა ჰქონდეს მძღოლს თუ უნდა რომ გადაიყვანოს მგზავრები. არის სალიცენზიო მოთხოვნები და ამ მოთხოვნებს უნდა მოარგოს ავტოტრანსპორტი.’’– აცხადებს დავით მესხიშვილი.
დავით მესხიშვილი არ გამორიცხავს, რომ რეგისტრაციის ეტაპის დასრულების შემდეგ, რეფორმის ვადები გახანგრძლივდეს და ახალი რეგულაციის ამოქმედების თარიღმა გადაიწიოს.
,,არ გამოვრიცხავ, რომ რეგისტრაციის შემდეგ ვადებში ცვლილება მოხდეს. იმ შემთხვევაში თუ ძალიან დიდი ტვირთი აღმოჩნდება მძღოლებისთვის არ გამოვრიცხავ, რომ ვადამ გადაიწიოს. ეტაპობრივად მოხდება გადასვლა. პირველ რიგში მოეთხოვებათ ტექინსპექტირება. ავტოსადგურებს მოეთხოვებათ, რომ სტანდარტის შესაბამისად მოაწესრიგონ ინფრასტრუქტურა. თუ ვნახეთ, რომ ვადებში შეუძლებელია მოთხოვნების დაკმაყოფილება ჩვენ არასამთავრობოები დავაყენებთ საკითხს, რომ გონივრულ დროში იყოს გაწერილი.’’– აცხადებს დავით მესხიშვილი.