ახალი ამბები

სოფელ ოჟიოში დამზადებული ღვინო, 20 ქვეყანაში იყიდება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში დამზადებული ღვინო 20 ქვეყანაში იყიდება.

როგორც ღვინის კომპანია „დო რე მი“-ს გაყიდვების მენეჯერი ირაკლი დავითაია განმარტავს, კოპანია დაახლოებით 10 სახეობის ღვინოს აწარმოებს, მათ შორის ქართულ ტრადიციული წესით ქვევრში დამზადებულ ნატურალურ ბიო ღვინოსაც. მისი განმარტებით, „დო რე მი“-ს წარმადობა 50 ათას ბოთლამდეა, საიდანაც 90% ექსპორტზე, ხოლო დანარჩენი 10% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

„გვაქვს 8 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, აქედან 2 ჰექტარზე მიკროზონის კახური მწვანე, ასევე ქისი, ხიხვი, საფერავი. 2 ჰექტარზე გაშენებული გვაქვს საკოლექციო ჯიშები: იყალთოს წითელი, ახმეტის შავი. ასევე ერთ ჰექტარზე გვაქვს გაშენებული რქაწითელი. ექსპორტზე წარმოდგენილი ვართ 20 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, იაპონიაში, ავსტრალიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში. ასევე გვაქვს გაყიდვები პოლონეთსა და ბულგარეთში. ჩვენთვის დიდი ბაზარია უკრაინა. ასევე შესული ვართ ჩინეთის ბაზარზე, ტაივანსა და ტაილანდში. 2024 წელს აზიის ბაზრებზე ვფიქრობთ გაყიდვების გაზრდას, თუმცა ჩვენი სამიზნე ბაზრებია აშშ, იაპონია და ავსტრალია. ჩვენი ღვინო პრემიუმ სეგმენტში იყიდება. ევროპაში, დახლზე ერთი ბოთლის ფასი 30 ევროა, ხოლო ჰორეკა სექტორში 50-60 ევროს ფარგლებშია“, – აცხადებს Business Insider Georgia-სთან კომპანიის წარმომადგენელი.

ღვინის კომპანია „დო რე მი“ 2014 წელს გამოჩნდა ადგილობრივ ბაზარზე. ამ დროისთვის 20 ბაზარზე წარმოდგენილი და აშშ-ი 2023 წლის საუკეთესო ღვინოების 100-ში შევიდა.