პრეზიდენტი ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციებს იწყებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.
არსებული ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის დღეს რამდენიმე შეხვედრაა ჩანიშნული, მათ შორის პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან.
არსებული ინფორმაციით, 8 ოქტომბერს შედგება შეხვედრები „ძლიერ საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს პრეზიდენტის ინიციატივით შედგენილ „ქართულ ქარტიას“, რომლითაც ქარტიაზე ხელმომწერები მთელ რიგ ვალდებულებებთან ერთად, იმის ვალდებულებასაც იღებენ, რომ შეასრულებენ “ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელსაც წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც „საზოგადოების მაღალი ნდობა გააჩნია“.
„ორშაბათს მინდა დავიწყო პარტიებთან შეხვედრები, იმისთვის, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და დავიწყოთ მოლაპარაკებები კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით. პარტიებს ექნებათ საშუალება, რომ წარადგინონ მინისტრობის კანდიდატურები. პოლიტიკოსები, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე – არა. პრემიერობის კანდიდატურა მყავს შერჩეული, ამ ნიშნით – პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი ყველასთვის მისაღები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.