წნორში სპორტკომპლექსის მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ₾2.3 მილიონი დაიხარჯა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.3 მილიონი ლარი დაიხარჯა.
სპორტულ კომპლექსში მოეწყო კომბინირებული – მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის საერთაშორისო სტანდარტების მოედანი, 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. მოედნის გარდა, სპორტული კომპლექსი მოიცავს მულტიფუნქციურ სივრცეს ფიზიკური მომზადებისა და ჭიდაობისთვის, ქალთა და მამაკაცთა გასახდელებსა და საშხაპეებს, ადმინისტრაციის, მწვრთნელების, მსაჯების და სამედიცინო ოთახებს.
კომპლექსი უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ახალი სპორტკომპლექსი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.