საიამ გრძელვადიანი საარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
საიამ გრძელვადიანი საარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში მოამზადა. ანგარიში ასახავს ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის გამოცხადებამდე (ივლისი-აგვისტო) საიას გრძელვადიანი საარჩევნო მონიტორების მიერ იდენტიფიცირებულ შემთხვევებს/ტენდენციებს, რომლებიც ნეგატიურად აისახება საარჩევნო გარემოზე.
ანგარიშში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და აგიტაციაში ხელის შეშლის შემთხვევები; პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება; ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენება, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული კონცერტებში მონაწილეობის მიზნით; პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა და საჯარო ინფორმაციაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა; ანგარიშის მიხედვით, საიამ უარყოფითად შეაფასა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენი წილისყრის პროცედურების ვადის ცვლილება.
,,ანგარიში მოიცავს 2024 წლის 1-ლი ივლისიდან 26 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს ან ისეთ ქმედებებს, რომლებიც, თავისთავად, კანონდარღვევა არ არის, თუმცა ცუდი პრაქტიკაა და ზიანს აყენებს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას. ანგარიშში ასევე ასახულია ისეთ პროცესები, რომლებიც შეიძლება სცდებოდეს საანგარიშო პერიოდს, თუმცა, მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებით გავლენას ახდენს საარჩევნო საკანონმდებლო ბაზისა თუ არჩევნებისწინა პოლიტიკური კონტექსტის ფორმირებაზე.
საანგარიშო პერიოდში არაერთი წინასაარჩევნო გაერთიანება ჩამოყალიბდა, უკვე არსებული კი გამსხვილდა. ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრების გამსხვილების პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სამართლებრივმა მოცემულობამ, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას საარჩევნო ბლოკი ვერ მიიღებს. კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობაა დადგენილი. პოლიტიკური ჯგუფების გამსხვილების სამართლებრივი გზა, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატების მიერ თავიანთი პარტიის დატოვება და სხვა პოლიტიკური პარტიის (კოალიციურ) სიაში გადანაცვლებაა. საანგარიშო პერიოდში გააქტიურდა პარტიების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიები, რა დროსაც კვლავ ნაკლები აქცენტი კეთდებოდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების პროგრამებსა და შესაბამის კონკურენციაზე. როგორც „ქართული ოცნება”, ისე ოპოზიციური პარტიები მომავალ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავდნენ. მძაფრი პოლარიზაციის ფონზე, პოლიტიკური დისკურსი და საინფორმაციო სივრცე მოცული იყო მკვეთრი ურთიერთბრალდებებით. მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო გამოსვლებსა და განცხადებებში პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებას ცდილობდნენ და მათ მოღალატეობრივ ქმედებებში ადანაშაულებდნენ. ოპოზიციის უდიდეს ნაწილს ისინი „გარედან მართულ [აგენტებად]” და „ბოროტ ძალად” მოიხსენიებდნენ. „ქართული ოცნების” მხრიდან კვლავ აქტუალური იყო ანტიდასავლური რიტორიკა, ომისა და მშვიდობის საკითხები, ანტი-ლგბტქ გზავნილები, წინა ხელისუფლების დასჯის რიტორიკა. გარდა ამისა, გრძელდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციის მიზნით წარმოებული კამპანია. ოპოზიციური პარტიების უმეტესობისთვის უმთავრესი არგუმენტი იყო მმართველი პარტიის ანტიევროპული ქმედებები და რიტორიკა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს კვლავ თან სდევდა დაპირისპირება მმართველ პარტიასა საქართველოს პრეზიდენტს შორის”,- წერია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე საუბარია, მმართველი პარტიის მიერ ჩატარებულ შეხვედრებზე, იქ გაჟღერებულ გზავნილებზე, ოპოზიციური პარტიების გამსხვილების პროცესზე, ცესკოში პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციასა და სხვა საკითხებზე. ასევე ანგარიშში აღნიშნულია სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები და აგიტაციაში ხელშეშლის, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რამაც შესაძლოა წინასაარჩევნო პერიოდზე მოახდინოს გავლენა.
,,საანგარიშო პერიოდში საიამ აღრიცხა საარჩევნო კამპანიაში/აგიტაციაში ხელშეშლისა და ოპოზიციონერ ლიდერებზე თავდასხმის შემთხვევები. მსგავსი ქმედებები ზრდის პოლარიზაციის და კონფრონტაციის დონეს, რაც ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდზე და საფრთხეს უქმნის თავად არჩევნების დღის მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას. წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ და არაძალადობრივ გარემოში ჩატარება კენჭისყრის დღეს მოქალაქეთა მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის წინაპირობაა. თითოეულ ფაქტზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ამ ღირებულებებს, სახელმწიფოს მყისიერი და მიუკერძოებელი რეაგირება ევალება. არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ძალადობრივი ხერხების გამოყენებით ამომრჩეველზე წინდაწინ, ირიბად მოახდენს გავლენას. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები განაგრძობდნენ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებას. ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 2024 წლის ივლისსა და აგვისტოში „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის N2402 განკარგულებაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს ჯამში 469 170 612 ლარი გამოუყო.”
ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში, მათ შორის კახეთში, მოხდა შტატების ზრდა მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში.
,,საარჩევნო წელს გამოიკვეთა მუნიციპალურ ორგანოებში, ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა. ამ კუთხით მუნიციპალიტეტებში არსებული დინამიკის და ზოგადი ტენდენციის გამოკვეთის მიზნით, საიამ შესაბამისი კვლევა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის კუთხით ყველაზე აქტიური სფერო მუნიციპალური შპსები და ა(ა)იპ-ებია. მუნიციპალიტეტის მერიის პასუხების მიხედვით, 2024 წელს დასაქმებულთა ზრდა შეინიშნება გარკვეულ ა(ა)იპ-ებში.
თუმცა, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, რომელთა შესახებაც საიამ ინფორმაცია მიიღო, დასაქმებულთა ზრდა შეინიშნება ერთსა და იმავე ადგილობრივ იურიდიულ პირებში. 2024 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმდა: კეთილმოწყობა-დასუფთავების, სატრანსპორტო, სკოლამდელი აღზრდის (საბავშვო ბაღების) და წყალმომარაგების სერვისების განმახორციელებელ იურიდიულ პირებში. საანგარიშო პერიოდში მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიებში დაემატა მძღოლებისა და კონტროლიორების შტატები შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თელავი – 7 მძღოლისა და 5 კონტროლიორის შტატი ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურში”, სიღნაღი – 20 ახალი შტატი ა(ა)იპ „კომუნალური 1-ში“ სატრანსპორტო მომსახურების განხორციელების მიზნით.
გარდა ამისა, შტატები გაიზარდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისების განმახორციელებელ იურიდიულ პირებშიც. გაიზარდა მეეზოვეთა, სასაფლაოს მომწესრიგებელთა, გარე განათებისა და მსგავსი პოზიციის შტატები. მაგალითად, ა(ა)იპ „ლაგოდეხის სერვის ცენტრს” – 17; საგარეჯოს შპს „სუფთა მუნიციპალიტეტი 2018-ს” – 25; ხოლო ა(ა)იპ „ყვარლის კეთილმოწყობის სამსახურს” – 18 საშტატო ერთეული. შტატების საგრძნობი ზრდა შეინიშნებოდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრებშიც. წარმოდგენილი ინფორმაციიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ შტატების ზრდა არ შეინიშნება ბევრ მუნიციპალიტეტში, არსებული ტენდენცია მაინც ცუდ პრაქტიკას ნერგავს ქვეყანაში წინასაარჩევნოდ და ქმნის იმის ეჭვს, რომ მუნიციპალურ ორგანოებსა და იურიდიულ პირებში იქ მცხოვრებ პირთა დასაქმება წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხმების მოპოვების ერთ-ერთი საშუალებაა. საიას მოსაზრებით, არსებული პრაქტიკა არღვევს სახელმწიფოსა და პარტიის, ადმინისტრაციული და პარტიული რესურსების გამიჯვნის პრინციპს”,- აღნიშნულია ანგარიშში.