ჭარბი მოსავალი და ყუძნის ფასით უკმაყოფილო მევენახეები- როგორია რთველი 2024
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. მევენახეები, მიღებული ჭარბი მოსავლის პარალელურად, გასაყიდი ყურძნის დაბალ ფასზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მიღებული თანხით, იმ დანახარჯსაც ვერ ინაზღაურებენ, რაც ვენახის მოსავლელად დასჭირდათ.
მევენახეები აცხადებენ, რომ ღვინის ქარხნები ერთ კილოგრამ რქაწითელში 1.05 თეთრს იხდიან რაც მათთვის მიუღებელია. გარდა ამისა, მათი თქმით, პრობლემაა ყურძნის ჩაბარებაც, რადგან დაკრეფილი ყურძნით საათობით უწევთ ქარხნის წინ რიგში დგომა.
,,ეს პრობლემა ყოველ წელს გვაქვს. რასაც ვენახის მოვლაში ვხარჯავთ, იმ თანხას ვერ ვინაზღაურებთ. ის ფასები, რასაც წელს გვთავაზობენ, ძირითადად ყურძნის თვითღირებულებაა. ჩვენი მოთხოვნაა ერთ კილო რქაწითელში 1.50 ლარი, საფერავში კი 2 ლარი გადაგვიხადონ“,- აცხადებს მევენახე ლევან მალაყმაძე, რომელიც ასევე მევენახეების აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო.
ყურძნის ფასთან დაკავშირებით აქცია მევენახეებმა დედოფლისწყაროში, საგარეჯოში, გურჯაანსა და ყვარელში გამართეს. მათი თქმით, პრობლემის მოგვარებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან ბანკიდან აღებული სესხის დაფარვას ვერ შეძლებენ.
„შევიკრიბეთ იმიტომ, რომ სასაცილო ფასია, რასაც კილოგრამ ყურძენში გვიხდიან. რა ხარჯებსაც გავცემთ მოსავლის მოსაყვანად, იმასაც ვერ ანაზღაურებს ეს ფასი. ბანკის ვალები გვაქვს, ძირითადად, ამ საქმიანობით ვარჩენთ ოჯახებს”, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
რთველის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ ყურძნის ფასს ბაზარი არეგულირებს და სახელმწიფო ამ საკითხში ვერ ჩაერევა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მუხუზლა აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით, წელს უხვი მოსავალია. შესაბამისად, ყურძნის ფასი შემცირდა და ასევე, თუ 2 წლის წინ ყურძენი 35 თეთრით დასუბსიდირდა, დღეს ეს მაჩვენებელი 20 თეთრამდე შეიცვალა.
,,როგორც დარგის სპეციალისტი აღვნიშნავ, რომ უკეთესი იქნება და მივდივართ იქითკენ, რომ ყურძნის სუბსიდირება საჭირო აღარ იყოს, ამისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის ექსპორტის, ღვინოზე და ყურძენზე მოთხოვნის ზრდა. ნაბიჯ-ნაბიჯ ვამცირებთ სუბსიდირებას. გვინდა მივიდეთ იქამდე, რომ ეს დარგი იყოს მდგრადი და თვითკმარი. გამორჩეული რთველია, რადგან საკმაოდ უხვი მოსავალი და კარგი ხარისხის ყურძენია. ეს წინაპირობაა იმის, რომ წელს გამორჩეული ღვინო დამზადდება.
სანამ რთველი აქტიურ ფაზაში შევა ხოლმე, ფასებთან დაკავშირებით გარკვეული ვნებათაღელვაა. როდესაც ვსაუბრობთ, რომ არის უხვი მოსავალი, მოსალოდნელია, რომ წინა წელთან შედარებით დაბალი ფასი იყოს, რადგან წინა წელს ცოტა მოსავალი იყო. წელს ჯამში 300 000 ტონას ველოდებით, ხოლო შარშან კახეთში 204 000 ტონა ყურძენი ჩაბარდა. თეთრ ყურძენზე უკვე რამდენიმე წელია არის სუბსიდია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ 2 წლის წინ სუბსიდია იყო 35 თეთრი, ხოლო წელს – 20 თეთრია. ანუ სახელმწიფო ცდილობს შეძლებისდაგვარად შეამციროს და გამოვიდეს ფასის სუბსიდირებისგან.
შეგახსენებთ, რომ ის კომპანიები, რომლებიც არანაკლებ 1 ლარს გადაიხდიან რქაწითელში, დაუსუბსიდირდებათ 20 თეთრი. სუბსიდირება სოციალური ფაქტორის გამო ხდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დარგის მიღმა არის ხალხი და სწორედ ამის გათვალისწინებით ხდება სუბსიდირება”, – აცხადებს ლევან მუხუზლა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, 1 კილოგრამ საფერავში მევენახე 1.50 ლარს მიიღებს. მისი განმარტებით, იმ მევენახეებს, რომლებმაც 14 სექტემბრამდე საფერავის ჯიშის ყურძენი უფრო ნაკლებ ფასად ჩააბარეს, მათ ღვინის ეროვნული სააგენტო სხვაობას დაუკომპენსირებს.
„რთველის საკოორდინაციო შტაბი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურად ახდენს პროცესის კოორდინაციას. საფერავის ჯიშის ყურძნის დროულად დაბინავებასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრის მიერ გადაწყვეტილება იქნა მიღებული; დღეს უკვე სახელმწიფო საწარმო 18-მდე ლოკაციაზე ახორციელებს ყურძნის მიღებას. 1 კილოგრამ საფერავში მევენახეს 1.50 ლარს ავუნაზღაურებთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ მევენახეებს, რომლებმაც 14 სექტემბრამდე საფერავის ჯიშის ყურძენი უფრო ნაკლებ ფასად ჩააბარეს, მათ ღვინის ეროვნული სააგენტო სხვაობას დაუკომპენსირებს. ახლა მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, როგორც კი ეს ნაწილი დასრულდება, დაიწყება ანაზღაურება. რაც შეეხება რქაწითელის ყურძნის ჩაბარების პროცესს, რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი კი მიიჩნევს, რომ ყურძნის სუბსიდირება წინასაარჩევნო ტრიუკია, რომელსაც მთავრობა ხალხის გულის მოსაგებად აკეთებს. მისი თქმით, სუბსიდირება დარგს ვერ ავითარებს.
“ისე ხდება, რომ ან არჩევნებია, ან რაღაც პრობლემებია და ხელისუფლებას უღირს სუბსიდირება. თან თავის ფულს ხომ არ ხარჯავენ, ჩვენსას ხარჯავენ. 50 მილიონის გადახდა უღირს იმისთვის, რომ ვიღაცები მოიმადლიეროს. ეს არის სუფთა წინასაარჩევნო ტრიუკი. რა თქმა უნდა, სუბსიდირება არ არის გამოსავალი. სექტორს ვერც გადაარჩენს და ვერც განავითარებს”, – აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თქმით, 18 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 60 ათას ტონამდე რქაწითელი, 68,5 ათას ტონამდე საფერავია.
,,ამ ეტაპისთვის მოსავალი 12 ათასზე მეტმა მევენახე ფერმერმა დააბინავა. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 197 მლნ ლარს აღწევს. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 500-მდე ღვინის საწარმო, აქედან 254 უკვე იყო ჩართული რთველის პროცესში.
გადამუშავებული საფერავის რაოდენობა 2-ჯერ აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ჭარბი მოსავლის პირობებში საფერავის დროული დაბინავებისა და მისი ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.
ამასთან ერთად, მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარს უხდის”,- აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.