რთველის შეუფერხებლად ჩატარებისთვის, დამატებით ₾50 მლნ გამოიყო
მთავრობამ 2024 წლის რთველის შეუფერხებლად ჩასატარებლად დამატებით 50 მლნ ლარი გამოყო.
მიმდინარე წელს რთველის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 85 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა. აქედან, 35 მილიონი ლარი კერძო კომპანიების მიერ 1 კგ. რქაწითლის მინიმუმ 1 ლარად ჩაბარებას უნდა მოხმარებოდა, ( კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1 კგ. რქაწითელზე 20 თეთრია) ხოლო 50 მილიონი ლარი – ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის სახელმწიფოს მიერ შესყიდვას.
ამასთან გამარტივებული შესყიდვით ირკვევა, რომ მოსავლის მართვის კომპანია ბიუჯეტიდან კიდევ 50 მლნ ლარს იღებს, რასაც იმით ასაბუთებს, რომ წინასწარ თანხის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია.
“ღონისძიებების ჩატარებისთვის განკუთვნილი ღონისძიებები ორ ეტაპად იყოფა. პირველი, ეს არის რთველის პროცესი, რაც გულისხმობს, როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და აჭარის რეგიონში კერძო კომპანიის შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის “მოსავლის მართვის კომპანიის” მიერ შესყიდვას, რომელიც რეგიონებს შორის გეოგრაფიული განსხვავების გამო, თვე-ნახევარი ორი თვის განმავლობაში გრძელდება. მეორე ეტაპი არის ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული სითხეების ტრანსპორტირების მომსახურების, სპირტად გამოხდისათვის მანქანა-დანადგარების ქირავნობა და საბანკო მომსახურების პროცესი”, – წერია დოკუმენტაციაში.
საქართველოში რთველი 2008 წლიდან, რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესების შემდეგ სუბსიდირდება. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული 138 მილიონამდე ლარი 2021 წელს დახარჯა. 2023 წელს კი ამ მიმართულებით 25 მილიონი ლარი დაიხარჯა.