“ეს კანონი არის ღირსების შემლახავი” – ISFED “რუსული კანონის” რეესტრში არ დარეგისტრირდება
ISFED-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ ორგანიზაცია ღირსების შემლახავი კანონის შესაბამისად არ დარეგისტრირდება.
საქმე ის არის, რომ “რუსული კანონის” რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება.
“ჩვენმა ორგანიზაციამ ძალიან დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ არ ვაპირებთ „რუსული კანონის“ შესაბამისად რეგისტრაციას, რადგან ეს კანონი არის ღირსების შემლახავი, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და რაც მთავარია, ეს კანონი გამოიწვევს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, ისევე როგორც დემოკრატიულ განვითარებას. ცხადია, ისეთი კანონის შესაბამისად არ დავრეგისტრირდებით, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.