“რუსული კანონი” შეცდომა და ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია – დევიდ კრამერი
ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის დევიდ კრამერის შეფასებით, „რუსული კანონი“ შეცდომა და ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ კრამერმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დევიდ კრამერმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ მიზანმიმართულს ჰგავს და არა დამთხვევას.
„გასული წლის კონფერენციის შემდეგ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ამის შემდეგ მალევე, იყო ცვლილებები, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე განცხადების ჩათვლით, პრემიერ-მინისტრის შეცვლა და NGO-ებთან დაკავშირებული კანონმდებლობა [რუსული კანონი], საქართველოში და საქართველოს მოკავშირეებში ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაგრამ მოსკოვიდან ძლიერი მხარდაჭერით. ჩემი აზრით, ეს კანონმდებლობა მთავარი შეცდომა და ამ ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროა, რომ ეს ხდება არჩევნების წინ, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და დამთხვევა არაა”,- განაცხადა დევიდ კრამერმა.
კრამერს ასევე ჰკითხეს “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განცხადებებზე, რაზეც მან თქვა, რომ ასეთი განზრახვების შესახებ საუბარი უგუნურებაა.
ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) მასპინძლობენ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“.