წინანდალში კლასიკური მუსიკის ფესტივალი მეექვსედ ჩატარდება
წინანდლის ფესტივალი უკვე მეექვსედ მასპინძლობს მსოფლიო დონის კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს.
წელს ისტორიულ მამულში 17 კონცერტი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში დაფუძნებული, პანკავკასიური ორკესტრი, 7 ქვეყნის 80 მდე ახალგაზრდა მუსიკოსით არის დაკომპლექტებული.
მეექვსე სეზონი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით, ჯუზეპე ვერდის რექვიემით გაიხსნება.
წინანდლის მამულში პირველ საფესტივალო დღეს პრესკონფერენცია გაიმართა.
გიორგი რამიშვილი, წინანდლის ფესტივალის/სილქნეტის დამფუძნებელი: „მოხარული ვარ რომ ისტორია გრძელდება. მაისში წინანდალმა „ევროპაკონცერტს“ უმასპინძლა და დღეს წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი იხსნება. მაესტრო ნოზედას, ავი შოშანის, მარტინ ენგსტრომის ხელმძღვანელობით წელს განსაკუთრებული ვარსკვლავთცვენაა და მათთან ერთად სცენაზე, რა თქმა უნდა, ვიხილავთ პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს. წინანდალში, კახეთში, ისევ გაჟღერდება უკვდავი გენიალური მუსიკა, როგორც მშვიდობის და ერთიანობის გზავნილი. წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია და ვიმედოვნებ, რომ დროის განმავლობაში, ის სულ უფრო მეტ მეგობარსა და მხარდამჭერს შეიძენს.“
დავით საყვარელიძე – წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი: „მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, რომელთა გარეშე გაგვიჭირდებოდა ფესტივალის ჩატარება. განსაკუთრებული მადლობა ფესტივალის დამფუძნებელსა და წარმდგენს კომპანია სილქნეტს. წინანდლის ოჯახი იზრდება, მეგობრები გვემატება. გაფართოვდა პან კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი და წელს შვიდი ქვეყნიდან ახალგაზრდა მუსიკოსები გააერთიანა. ეს შესაძლებელი გახდა კულტურის სამინისტროს, შვეიცარიის, ნორვეგიის, იტალიის საელჩოების თანადგომით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გვერდში დგომისთვის.“
წინანდლის ფესტივალის მე-6 სეზონი 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალს ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი პანკავკასიურ ორკესტრთან ერთად დახურავს.
წინანდლის ფესტივალმა მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა და ყოველწლიურად ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. ეს უნიკალური პროექტი სულ უფრო მეტ, მსოფლიო დონის ვირტუოზ შემსრულებელს კრებს წინანდლის მამულში და სულ უფრო მეტ მუსიკის მოყვარულს აცნობს მათ შემოქმედებას.
წინანდლის ფესტივალის დამაარსებელი და ტრადიციული წარმდგენი, კომპანია სილქნეტია.