პარლამენტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება
პარლამენტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება.
პროექტს 2 სექტემბერს, მუხლობრივად – მეორე მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.
საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ”, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.
უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.
საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.