პრეზიდენტი – უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი – ევროპა თუ რუსეთი
ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი – ევროპა თუ რუსეთი, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს დანიშნა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, „დღე არჩევანის, დღე გადარჩენის“.
“დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს, ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი სათქმელი. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, არაფერი მექნებოდა სათქმელი.
უნდათ, რომ დაგვარწმუნონ, რომ ეს იქნება არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასოდეს არავინ არ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა და არავინ ამზადებს ომს. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტებისა და მიზნების ბუნდოვანება და აღრევა კი ზრდის მტრის მადას ანუ ომის საფრთხეს. სამაგიეროდ, მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესთან თუ მტერთან, ყველაზე კარგი თავდაცვა არის ქვეყნის უსაფრთხოების.
სამაგიეროდ, ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი – ევროპა თუ რუსეთი. გადასაწყვეტი გვაქვს მთავარი – ვინ ვართ, რანი ვართ, საით მივდივართ და რა გვინდა. წარსული თუ წინსვლა, თავისუფლება თუ მონობა, დიქტატურა თუ დემოკრატია, ერთპარტიული ძალაუფლება თუ მრავალპარტიული ხელისუფლება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.