ახალი ამბები

მთავრობამ მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება მიმდინარე წლის 1 -ელ აგვისტოს გამოსცა, სადაც დეტალურად არის გაწერილი, ის ძირითადი კრიტერიუმები, რასაც ფერმერები უნდა აკმაყოფილებდნენ.

რაც შეეხება ღირებულებას, პროგრამის განხორციელებისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საჭირო დაფინანსების – 2 მლნ ლარის მოძიება. თავის მხრივ კი, ფინანსთა სამინისტროს ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, აღნიშნული პროგრამის დამატება დაევალა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, პროგრამაში მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახისა (არანაკლებ 10 სკისა).
პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში, რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს.

ამასთან, პროგრამაში მონაწილეობის მიზნით:

პოტენციური ბენეფიციარი სააგენტოში განაცხადის წარდგენის დროს რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორად;

პოტენციურ ბენეფიციარს საფუტკრე დარეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).

პროგრამის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვა უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირისაგან ან იმპორტის გზით.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს დადგენილების თანახმად:

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი მიიღებს თანადაფინანსებას – ერთი სკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 70 ლარის ოდენობით.

პროგრამის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს.

პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება კოოპერატივები.

დადგენილების მიხედვით, ბენეფიციარი ვალდებულია, თანადაფინანსების გაცემამდე დაადასტუროს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სკების რაოდენობა, აგრეთვე პროგრამის პირობების შესაბამისად პროგრამაში მონაწილეობამდე ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) არსებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, პროგრამა განხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განაცხადები კი ელექტრონული ფორმით მიიღება.