ახალი ამბები

კურორტ ,,ახტალას” ისტორია

-სოფლიდან შორს სასეირნოდ იშვიათად დავდიოდით. დროგამოშვებით ვეწვეოდით სამკურნალო ტალახით ცნობილ ახტალას. იგი სოფელ გურჯაანის მახლობლად მდებარეობდა, ახლა კი სოფლის შუა ადგილას არის მოქცეული, რადგან სადგურის მახლობლად ახალი უბანი გაშენდა.

ჩემს ბავშვობაში ახტალა სრულიად მოუწყობელი იყო. ავადმყოფები ურმით მიდიოდნენ და მახლობლად კარვებში ცხოვრობდნენ. ეს პატარა საცხოვრებელი, თითქოს სათამაშო, ბავშვებს ძალიან გვიზიდავდა. მახსოვს კოცონები, დღის სინათლეზე ვარდისფრად რომ კიაფობდნენ, მათ გარშემო დავრბოდით, ცეცხლს ბურბუშელას ვუმატებდით. კოცონზე თბებოდა წყალი, რითაც ტალახით მკურნალობის შემდეგ ავადმყოფები ტანს იბანდნენ.
დედაჩემს ამ ტალახით მკურნალობა ესაჭიროებოდა. მას თან მივყავდით. ეს მოგზაურობა ჩვენთვის ნამდვილი დღესასწაული იყო. სანამ დედა აბაზანას ღებულობდა, ჩვენ ახლომდებარე პატარა ტყის ჩრდილში ვისვენებდით. გავაჩაღებდით ხოლმე კოცონს, ვწვავდით ჭყინტ სიმინდს და საზამთროსა და ნესვთან ერთად გემრიელად შევექცეოდით.

ძველ დროს ახტალა თავადების ანდრონიკაშვილების და აბაშიძეებსი გვარებს ეკუთვნოდა. ბელგიის სამედიცინო საზოგადოებამ წინადადება მისცა ახტალის მესაკუთრეებს 40 წლით გადაეცა მათთვის სამკურნალო ტალახი, რაც ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნდებოდათ სავსებით კეთილმოწყობილ კურორტად სანატორიუმებით. დიდი ხნის თათბირის შემდეგ წინადადება უარყვეს, რადგან 40 წელი დიდ დროდ მოეჩვენათ და თვითონ შეუდგნენ კურორტის “მშენებლობას” ასე დარჩა ღია ცის ქვეშ მოუწყობელი ახტალა, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე.

ნატო ვაჩნაძე – მოგონებები
ქალაქ გურჯაანის ახლოს არსებულ ტალახის ტბაზე წერდა 1897 წელს გაზეთი “ივერია”:
“ჰახტალა – ამ სახელს უწოდებენ ტბას, რომელიც მდებარეობს სიღნაღ-თელავის გზატკეცილზედ სოფ. გურჯაანის­ მახლობლად. ეს ადგილი წარმოადგენს ოცამდე მოთხო ნაცრის ფერის ტალახით სავსე ორმოს, სადაც ეს ტალახი თითქო დუღსო, ჩაიყურყუმელავებს და ტალღებს ნაპირისაკენ ისვრის, საიდგანაც ცოტ-ცოტა­ გადმოდის თხელი ტალახი და ამ რიგად კარგა ფართო ადგილი დაუჭერია ერთ ფერი (ნაცრის) ტალახის მსგავს სითხელეს. მიზეზიც ეს არის, რომ შორიდგან ტბა გეგონებათ ეს ადგილი”.
კახეთის ტალახის საოცარ ტბას მოიხსენიებდნენ ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.), ისტორიკოსი პ. იოსელიანი და ექიმი ა. მესხიშვილი (XIX ს.).
ახტალას დიდი ხანია ბალნეოლოგიური­ კურორტის სტატუსი აქვს მინიჭებული და ვულკანური ამონაფრქვევიც სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენება. მეცნიერული კვლევებით, ახტალის ტალახი 300 მეტრის სიღრმიდან დღემდე მოედინება. ახტალის წარმოშობაზე ლეგენდებია გავრცელებული.


ნიკა ყარალაშვილი, მკვლევარი: – ახტალის წარმოშობის შესახებ პირველი ვერსია­ ასეთია:

“ამ ადგილას ფერიცვალებას­ ერთ მღვდელს ყანა ულეწია. ქრისტე­ ღმერთი­ გამოსცხადებია და უთქვამს: “დღეს რა დღეაო?” “ფერი-ცვალებააო”, უპასუხნია­ მღვდელს. რადგან შენ მღვდელი ხარ და დღეს ჰმუშაობ, ამიტომ ჩაგნთქას ამ მიწამაო”. ქრისტე უხილავ ქმნილა, მღვდელი კი თავის სახლ-კარითა და ყანა-კალოთი ჩაუნთქავს მიწას და იმ ადგილას დღეს ეს ტალახი ამოდის უძირო ორმოებიდან”.
კახეთში არსებულ ტალახის ტბასთან დაკავშირებით მეორე ვერსიაც არსებობს: “სადაც ახლა ჰახტალაა (ბ. ინასარიძის თქმით, ტბას ჰქვიან ჰახთალა), ერთს დროს სოფელი იყო გაშენებული. კალოობას, ფერიცვალება დღეს, იმ სოფლის მღვდელი ლეწავდა ყანას, ამის ცოლი იქვე საბზლის ჩარდახის ქვეშ იჯდა თავის ძუძუ-მწოვარა ბავშვით. მღვდელი კევრზე იდგა და ჰოროველათი უვლიდა კალოს. ამ დროს ჩამოიარა ქრისტე ღმერთმა და ჰკითხა: – გამარჯვება, მღვდელო, რასა შვრები მაგასა?­ – ვერა ჰხედავ რასა ვშვრები? – კალოსა­ ვლეწავ. – მერე დღეს რა დღეა? ჰო, ვიცი, რომ ფერისცვალებაა, უქმე დღეა, მაგრამ მშიერი ხომ არ მოვკვდები? ქრისტე ღმერთმა დასწყევლა მღვდელი; მღვდლის ცოლს კი მიუბრუნდა და უთხრა: – აიღე ეგ აკვანი, წადი და უკან არ მოიხედოო. თვითონ ქრისტე ღმერთი კი უხილავ ქმნილა. დედაკაცს დაუჯერებია ქრისტე ღმერთის სიტყვა, აუღია აკვანი და წასულა, მაგრამ ცოტა მანძილზე რომ გასულა, მოუთმენლობით უკან მოუხედნია: ვნახო, რა ამბავიაო. მიხედვა და მისი ქვად ქცევა ერთი ყოფილა. მაშინათვე, ქრისტე ღმერთი რომ გაშორებია, მომძღვლეულა მღვდლის კალო-საბძელი, ჩანგრეულა მიწა და იმ ადგილს მის შემდეგ დუღს და ამოდის ტლაპო, ნაცარ-ტუტა”.
სახელწოდება”ახტალა”, ერთ-ერთი ვერსიით, ამ ლეგენდაში მოხსენიებულ მღვდლის ცოლს უკავშირდება. ღმერთის დავალებით სახლიდან წასულ ქალს ზურგიდან­ გრგვინვის ხმა გაუგონია, უკან ამიტომ მოუხედავს და დაუნახავს, რომ მიწიდან ტალახი იფრქვეოდა. ქალს გაქვავებამდე ორი სიტყვის თქმა მოუსწრია: ,,ახ, ტალახიო” და აქედან გამომდინარე შეურქმევიათ ,,ახტალა”. ხალხი ამბობს, რომ ტალახის ტბასთან ქალის გამოსახულების ქვა წლების განმავლობაში დებულა, მაგრამ მერე გამქრალა­ და მისი ასავალ-დასავალი ვეღარავის უპოვია.

ახტალის ტალახის მეცნიერული გამოკვლევა მე-19 საუკუნის 80-იან წლებს უკავშირდება. სამკურნალო თვისებების საფუძვლიანი შესწავლა კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (დაარსდა 1928) დ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო. ეროვნულმა ფოტომატიანემ შემოგვინახა ფოტოსურათი, რომელზეც ჩანს, როგორ აბანავებენ ტალახის ტბაში დიდგვაროვნები ცოლებს, თავად კი ნაპირზე დგანან და ყარაულობენ. ამ ისტორიული ეპიზოდისთვის ხალხს ლექსიც მიუძღვნია:
“კამეჩების ახტალა,
სადიდკაცოდ გამხდარა,
კნეინები ბანაობენ,
ეს რა საქმე მომხდარა.
რუსებს სახლი აუგიათ,
“ნაჩალნიკი” დამდგარა,
ქალაქიდან წიგნი მოდის,
ორიოდე დამხრჩვალა”.

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ კახეთში არსებული ტალახის ტბა ერთხანს თავად ანდრონიკაშვილებს ეკუთვნოდათ. ტბა ისეთი ღრმა ყოფილა, თოკის მოუბმელად შიგ ვერავინ ჩადიოდა. ტბაში არსებული ტალახის მეცნიერული შესწავლა მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო. წყაროები იუწყება, რომ ამ პერიოდიდან ტბის გარშემო გაჩნდა ბარაკული ტიპის დასახლება, რომლებშიც დროდადრო ჯარისკაცები ცხოვრობდნენ და ტალახშიც ბანაობდნენ. როცა ხალხს გაუგია, რომ ტალახის ტბას ავადმყოფების განკურნება შეეძლო, სხვადასხვა სოფლიდან ურმებით მოდიოდნენ, ღია ცისქვეშ ეძინათ და ტალახში ბანაობდნენ.
მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან ტბასთან დაიწყო კურორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ახტალის ტბასთან პირველი სანატორიუმის შენობაც იმ პერიოდში აშენდა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი გააშენეს წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყე. საბოლოოდ, ახტალის კურორტმა 20 ჰექტარი ტერიტორია დაიკავა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ახტალის კურორტი ლაზარეთად გადააკეთეს და ომიდან ევაკუირებულ დაჭრილ ჯარისკაცებს ცხელი ტალახით მკურნალობდნენ. ახტალის ცხელი ტალახი ძალიან ბევრ დაავადებას კურნავს. აფხაზეთის ომის შემდგომ სანატორიუმის შენობაში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა შეასახლეს და სანატორიუმმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 2012 წელს კურორტს ჩაუტარეს რეაბილიტაცია, გააკეთეს სასეირნო ბილიკები. ამის შემდეგ სახელმწიფომ ახტალა გაყიდა და კურორტის მთელი ტერიტორია ინვესტორმა შეიძინა. ამბობენ, რომ ამჟამინდელი მფლობელი 9-სართულიანი სასტუმროს აშენებას­ და სამკურნალო დაწესებულების კეთილმოწყობა-განვითარებას აპირებს. სანატორიუმის კუთვნილი 20 ჰექტრიდან მხოლოდ 3 ჰექტარი დარჩა სახელმწიფოს მფლობელობაში.
ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან და პერიფერიულ ნერვულ სისტემებს, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. საკურორტო სეზონი მაისში იხსნება და ზოგჯერ ნოემბრის ბოლომდე გრძელდება.
წინათ ტალახს სახლშიც ატანდნენ, მაგრამ მერე ტბა ბავშვებმა შუშის ნამსხვრევებით დააბინძურეს. ერთხელ, მკურნალობის პროცესში, პაციენტს ხელი გაეჭრა და მას შემდეგ გასუფთავებულ ტალახს ასხამენ აბაზანებში, ათბობენ და ისე იყენებენ სამკურნალოდ. ბოლო პერიოდში ელექტროტალახით მკურნალობაც დანერგეს.

კახეთში არსებული ტალახი 22 ელემენტს შეიცავს – გაზს, ნავთობს, აზოტს და ა.შ. ტბასთან ასანთი რომ აანთოთ, ტალახს ცეცხლი მოეკიდება.

მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება ცივგომბორის მთის სასწაულები. ახტალასთან ახლოს ნაპოვნია წყარო, რომელსაც ბორჯომის მინერალური წყლის მსგავსი შემადგენლობა აქვს. ხალხი ამ წყლით მკურნალობს კუჭის დაავადებებს. უნიკალური თვისებების მინერალური წყალი თიხის მილებით მოედინება მთიდან და არავინ იცის, სათავეს საიდან იღებს.

წლების წინ ტალახის ტბის მიმდებარედ უნდა აეშენებინათ პოლიკლინიკა. მიწის დამუშავების დროს კი ნაპოვნი იქნა ძველი სამარხები. მაშინვე ვაცნობეთ ძეგლთა დაცვის სამსახურს. დადგინდა, რომ სამარხებში ნაპოვნი ნივთები ანტიკური ხანის, ძვ. წ. 1-2 საუკუნეებისაა. ნივთები ამჟამად გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზემში ინახება. მიწის ზედა ფენაში კი ადრეფეოდალური ხანის სამარხები იყო შემონახული. დასკვნა ცალსახაა – აღნიშნული ტერიტორია გამოიყენებოდა სამოსახლოდ და აქედან გამომდინარე, ტბას, სამკურნალო წყლებს, ისინი უვლიდნენ და დღემდეც მათ შემოგვინახეს, გურჯაანი კი ქალაქად მხოლოდ 1934 წელს გამოცხადდა, მანამდე ის სოფლად მოიხსენიებოდა.
ნელი ვარდიაშვილი

ინფორმაცია შეაგროვა გიორგი ხევისპირელმა