საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და გერმანიასთან დიდ კრიზისშია – ფიშერი
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2024 წლიდან ქვეყანა დაშორდა ევროკავშირს.
რაც შეეხება უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს, ფიშერმა თქვა, რომ ეს პრივილეგია საქართველოს გარკვეული პირობით მიეცა და თუ პირობები არ შესრულდება ამას შედეგები მოჰყვება.
“2024 წლის დასაწყისიდან საქართველო ევროკავშირს შორდება. აშკარაა, რომ ეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ხდება. თან შორდება დიდი სისწრაფით ყველა ძირითად ასპექტში. ევროკავშირთან და გერმანიასთან ურთიერთობა დიდ კრიზისშია. ამ კრიზისიდან გამოსავლის გასაღები აქვს მხოლოდ საქართველოს. ჩვენ საქართველოს კარგი, სანდო პარტნიორები ვიყავით დამოუკიდებლობის მოპოვებიდან და გვსურს გავაგრძელოთ პარტნიორობა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოსაც სურს იყოს კარგი პარტნიორი. უვიზო რეჟიმი პრივილეგიაა, რომელიც დამოკიდებულია გარკვეულ პირობებზე და ევროკომისიამ ახლა ჰკითხა საქართველოს კვლავ სრულდება თუ არა ეს პირობები. ვნახავთ რა იქნება საქართველოს მთავრობის პასუხი და მივიღებთ შესაბამის ზომებს”, – განაცხადა ფიშერმა.
გუშინ, 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა თქვა, საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს გარკვეული პირობები იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდეს. პირობების შესასრულებლად ევროკავშირი “ქართული ოცნების” მთავრობას დროს აგვისტოს ბოლომდე აძლევს.
„ჩვენ გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას წერილი, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ეხება. არის ცალკეული პირობები, რომლებთანაც ისინი თანხვედრაში უნდა მოვიდნენ. თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული დათქმულ ვადამდე, მაშინ მოგვიწევს შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი”, – განაცხადა კალასმა.

