მთავრობამ მეფუტკრეების მხარდაჭერის ახალი პროგრამა გამოაცხადა
მთავრობამ მეფუტკრე ფერმერების მხარდაჭერის ახალი პროგრამა წარადგინა. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, პროგრამის თანახმად მეფუტკრეები ინვენტარის განახლებას შეძლებენ.
პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული სკების ღირებულების 50% არაუმეტეს 70 ლარი, არაუმეტეს 5,000 ლარი ერთი ბენეფიციარზე გადაანგარიშებით.
“ჩვენ მოვახდენთ 50%-იან საგრანტო თანადაფინანსებას, სკების შესყიდვის ნაწილში. მათ ექნებათ საშუალება, რომ განაახლონ თავიანთი სკები და ასევე, შეიძინონ 50%-ით მეტი რაოდენობა იმასთან შედარებით, რაც დღეს ჰყავთ. ჩვენ მეფუტკრე ფერმერებს ვაძლევთ საშუალებას, რომ გაზარდონ წარმოება.
წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ, რის შედეგად შესაძლებელი გახდა სრულიად შეუფერხებლად თაფლის ექსპორტი სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებში და ევროკავშირის ბაზარზე. ეს მიღწეულ იქნა იმ რეფორმებით, ასევე ლაბორატორიის შესაძლებლობის გაძლიერებით, რაც წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ნაწილშიც ფერმერებს შევუწყოთ ხელი, რომ მათ შეძლონ თავიანთი სკების განახლება“ , – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (არანაკლებ 10 სკა), ხოლო მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს.
პროგრამის აუცილებელი პირობაა, რომ პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული იყოს ბიზნესოპერატორად და საფუტკრე დარეგისტრირებული ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მეფუტკრეთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამით ისარგებლა 200-ზე მეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა, მათ სახელმწიფოს მხრიდან 70%-იანი თანადაფინანსებით მიიღეს 18,000-ზე მეტი სკა და მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან თაფლის ექსპორტი შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყანამ თაფლის გაყიდვით მხოლოდ 115 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის რიცხვს 69%-ით ჩამორჩება. ჯამში სხვადასხვა ბაზარზე 16 ტონა თაფლი გავიდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ექსპორტირებული პროდუქტის მოცულობა 40 ტონა იყო.