„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ – საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში „მნიშვნელოვანი ვარდნა“ განიცადა
საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ანგარიშში, პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო 103-ე ადგილს იკავებს.
RSF-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მდგომარეობა გაუარესდა, ვინაიდან, იქ პრესის თავისუფლება გარანტირებული არ არის და მედია დეზინფორმაციული კამპანიების გასატარებლად სულ უფრო ხშირად გამოიყენება.
ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველომ 26 ადგილით უკან გადაინაცვლა.
„იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა, საქართველოა (103-ე ადგილი), რომელმაც 26 ადგილით უკან გადაინაცვლა. მისი მმართველი პარტია საზოგადოების პოლარიზაციას აგრძელებს, მოსკოვთან დაახლოებას ხელს უწყობს და პრესის თავისუფლების მიმართ სულ უფრო მტრულ პოლიტიკას ატარებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
რეიტინგში მნიშვნელოვანი წინსვლა უკრაინამ განიცადა, რომელიც 61-ე ადგილს იკავებს და 18 ადგილით წინ გადაინაცვლა, რისი მიზეზიც უსაფრთხოების მაჩვენებლის გაუმჯობესება გახდა.
პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, RSF-ის ათეული ასე გამოიყურება: 1. ნორვეგია. 2. დანია. 3. შვედეთი. 4. ნიდერლანდები. 5. ფინეთი. 6. ესტონეთი. 7. პორტუგალია. 8. ირლანდია. 9. შვეიცარია. 10. გერმანია.