აივ-ით ინფიცირებულმა ყოველმა მეოთხე ადამიანმა თავისი დიაგნოზის შესახებ არ იცის – ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის 53 ქვეყანას მოიცავს, აივ-ით (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით) ინფიცირებულთა მეოთხედზე მეტისთვის თავისი დიაგნოზი უცნობია, ხოლო ინფიცირებულთა ნახევარი დაავადების შესახებ მეტად გვიან იგებს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
მისი თქმით, აივ-თან ბრძოლაში ჯანმო-ს ევროპის რეგიონმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და სამედიცინო თვალსაზრისით, ყველა საჭირო ინსტრუმენტს ფლობს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც პაციენტს აივ-ინფექციაზე ტესტირება უტარდება, ევროპის რეგიონის ჯანდაცვის სისტემები დიაგნოზს ყველაზე სწრაფად სვამენ და მკურნალობას უზრუნველყოფენ, “რომელიც, თითქმის, ყოველთვის ხელმისაწვდომი და უფასოა.”
ამის მიუხედავად, რეგიონში აივ-ინფიცირებულთა მხოლოდ 72%-მა იცის თავისი სტატუსის შესახებ, ხოლო მათი 50% ამას მეტად გვიან იგებს. მიზეზი, კლუგეს შეფასებით, არის ის, რომ ჯანდაცვის სისტემები “ადამიანებთან დროულ დაკავშირებას ვერ ახერხებენ და ეს ტენდენცია ბოლო ათი წლის განმავლობაში გრძელდება.“
ის ხაზგასმით შენიშნავს, რომ აივ-ი მრავალი ადამიანის სიცოცხლისთვის კვლავ საფრთხედ რჩება.