ახალი ამბები

სურსათის ბანკის ცენტრალური შენობის გახსნა შემოდგომით იგეგმება

სურსათის ბანკის ცენტრალური შენობის გახსნა თბილისში, სექტემბერ-ოქტომბერში იგეგმება, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ პროექტის მენეჯერმა, სოფიო თვარაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, სურსათის ბანკის ამოქმედება 2025 წლის პირველი ნახევრიდან არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, თანამშრომლების შერჩევა და სურსათის ბანკის ლეგალური დაფუძნება.

„ფიზიკურად ჯერჯერობით სურსათის ბანკი არ არსებობს, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, როგორიც არის სურსათის ბანკი ლეგალურად დაფუძნება, მათი დამფუძნებლების შერჩევა, სურსათის ბაკის თანამშრომლების შერჩევა. მიმდინარეობს მუშაობა სურსათის ბანკის ოპერირების ჯაჭვის შექმნაზეც. დაკავშირებულები ვართ სუპერმარკეტებთან, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ ამ პროცესში, მაგრამ ჯერ რადგან სურსათის ბაკი არ არსებობს ფიზიკურად, პროცესი არის დასაწყისში. სურსათის ბანკის ამოქმედება დაგეგმილია მომავალი წლის პირველი ნახევრიდან. ვფიქრობთ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში გვექნება შენობა თბილისში“, – განაცხადა სოფიო თვარაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოში პირველი სასურსათო ბანკი იქმნება. აღნიშნული ბანკი პროექტის „მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით” ფარგლებში იქმნება.

პროექტი ითვალისწინებს მოწყვლადი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ჭარბი სურსათის გადანაწილებას. პროექტის პირველი საპილოტე პროგრამა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება. სურსათის ბანკის ცენტრალური საწყობი თბილისში მოეწყობა, საიდანაც პროდუქტი შემდეგ წყალტუბოში გადანაწილდება. „ბიზნესპრესნიუსი“ წერდა, რომ დაგეგმილია დაახლოებით 1000 შეჭირვებული პირის დახმარება.

რაც შეეხება ვადებს, კანონქვემდებარე აქტები 2025 წლის იანვარში სრულად შემუშავდება და 2025 წლის დასაწყისიდან პროექტი ძალაში შევა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ პირებს კი სურსათს 2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის მაისამდე მიაწოდებენ.