„ელკანა“ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით აგროსექტორში მომუშავე დონორებსა და ორგანიზაციებს მიმართავს
არასამთავრობო ორგანიზაცია – ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა” „რუსული კანონის“ მიღების მიუხედავად, ქვეყნის აგროსექტორში მომუშავე დონორებსა და ორგანიზაციებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის თავისუფლებას, სოფლის განვითარებას, მცირე და აგროეკოლოგიურ მეურნეებისა და მათი ორგანიზაციების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ელკანა“ მიმართვას ავრცელებს.
სოფლის მეურნეობაში მოქმედი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანაში“, რომელიც 1994 წელს დაფუძნდა, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის უარყოფით გავლენაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს კანონი სოფლის მეურნეობაში პროგრამების განხორციელებას შეუშლის ხელს.
„2024 წლის 29 ივნისს გაიმართა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ნამდვილ წევრთა საერთო კრება. კრების მონაწილეებმა იმსჯელეს იმ საფრთხეების შესახებ, რასაც საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 28 მაისს მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეიცავს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლის, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ბიო და აგროეკოლოგიური წარმოების განვითარებისა და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების, მათი თანამშრომლების, წევრებისა და ბენეფიციარებისათვის და მიიღეს წინამდებარე მიმართვა საქართველოს საზოგადოებისა და აგრარულ სექტორში მომუშავე დონორებისა და ორგანიზაციებისადმი:
ასოციაცია „ელკანას“ ნამდვილ წევრთა საერთო კრების მონაწილეები ვაცხადებთ, რომ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ დაფუძნების დღიდან, 30 წლის განმავლობაში, მოქმედებს მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ყოველთვის ემსახურებოდა მისი პროგრამით განსაზღვრულ მიზნებს: საქართველოს სოფლის მეურნეობის კულტურული მემკვიდრეობის – აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის (მათ შორის ორგანული და აგროეკოლოგიური მეურნეობის) განვითარებას, მეურნეთა გაძლიერებას, მათი უფლებების დაცვას და გარემოს დაცვის ხელშეწყობას. შესაბამისად, დაფუძნების დღიდან ჩვენს მიერ მიღებული ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი დახმარება, გრანტი და შემოწირულება იხარჯებოდა სწორედ ამ მიზნით და არასოდეს ემსახურებოდა რომელიმე უცხო ან ადგილობრივი ძალის ინტერესების ან გავლენის გატარებას/გავრცელებას. ამასთან, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ იყო და რჩება კანონმორჩილ ორგანიზაციად, რომელიც მუდმივად აწარმოებს ანგარიშგებას და იხდის ყველა გადასახადს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე დროს, ასოციაცია ყოველწლიურად გადის ფინანსურ აუდიტს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე აუდიტორული კომპანიების მხრიდან და საჯაროდ აქვეყნებს თავისი საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ასოციაციის ვებგვერდზე www.elkana.org.ge.
მივიჩნევთ, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. ამასთან, ვინაიდან სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სექტორი, როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებრივ დონეზე ძირითადად დამოკიდებულია ევროპულ და ამერიკულ ფინანსურ დახმარებაზე, კანონი გამოიწვევს სოფლის მეურნეობისა და ბიო და აგროეკოლოგიური წარმოების განვითარების სფეროში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, როგორც „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელთა“ სტიგმატიზებას, პრაქტიკულად ჩამოართმევს მათ საკუთარი სახელით პოზიციის გამოთქმის საშუალებას და შეაფერხებს ამ სფეროში პროგრამების დაფინანსებასა და განხორციელებას.
ამ ფონზე გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს საზოგადოებას და საერთაშორისო დონორებს კვლავაც მტკიცედ დაუჭირონ მხარი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის თავისუფლებას, სოფლის განვითარებას, მცირე და აგროეკოლოგიურ მეურნეებსა და მათ ორგანიზაციებს”, – ნათქვამია მიმართვაში.