საქართველოში 300 ათასამდე სამოქალაქო იარაღია რეგისტრირებული
მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საქართველოში 299 924 სამოქალაქო იარაღია რეგისტრირებული.
იარაღის რეგისტრაციამდე, მოქალაქემ შესაბამისი გამოცდა უნდა ჩააბაროს. კერძოდ, საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი და სამი სახით შსს-ს მომსახურების სააგენტოში ბარდება. კერძოდ:
გამოცდა თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;
გამოცდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;
გამოცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში.
რაც შეეხება იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის პროცესს, პირმა შესაბამისი დოკუმენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა წარადგინოს და მხოლოდ მას შემდეგ ეძლევა მას ფლობის ნებართვა.
შსს-ს ინფორმაციით, მოსაკრებლის განაკვეთები, იარაღის სახეობებიდან გამომდინარე, 6-დან 8 ლარამდე მერყეობს. ხოლო იარაღის რეგისტრაციის საფასურია – 20 ლარი, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საფასურის -15 ლარი, იარაღის დროებითი მოწმობის საფასური კი, 10 ლარი.
აღნიშნული საფასური ვრცელდება, იარაღის ლეგალიზაცია, გადაფორმება და მემკვიდრეობით მიღებაზეც. თუმცა, თუ პირს მომსახურება დაჩქარებული წესით სურს, 5 სამუშაო დღეში ცნობის აღება 50 ლარი ღირს, ხოლო 1 სამუშაო დღეში – 80 ლარი.