ალავერდის ტაძრის დასავლეთ მინაშენზე დაზიანებული კრამიტის საბურველის მოხსნა მიმდინარეობს
არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების მეთვალყურეობით მიმდინარეობს ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) სტიქიის შედეგად დაზიანებული კრამიტის საბურველის მოხსნა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტების მიერ თავდაპირველი დათვალიერებისა და გაჭრილი ზონდაჟის შედეგად დადგინდა ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენის (სტოა) გადახურვის სტრუქტურა და დასკვნის თანახმად სტოას კრამიტის გადახურვა საჭიროებს სრულად შეცვლას.
ამასთანავე, დაწყებულია ალავერდის საკათედრო ტაძრის, კარიბჭე-სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სახლის გადახურვასთან დაკავშირებული კვლევით-საპროექტო სამუშაოები და სარესტავრაციო მეთოდოლოგიის შემუშავება.
25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით სასწრაფოდ დაიწყო და გრძელდება ტაძრის ირგვლივ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა.