თელავში ევროინტეგრაციასა და სურსათის უვნებლობაზე იმსჯელეს
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) და ასოციაციამ „სოციალური ქოლგა“ მოაწყვეს საჯარო შეხვედრა, თემაზე „ევროინტეგრაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის“.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მოქალაქეთა ინფორმირებასა და საზოგადოებრივი დიალოგის ხელშეწყობას საქართველოს ევროინტეგრაციის როლის თაობაზე, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხით და, ასევე, საბჭოთა კავშირში მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ მიმოიხილა ევროკავშირში მოქმედი სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების სისტემა, ევროინტეგრაციის მნიშვნელობა საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში რეფორმების დაწყებაში და ევროკავშირის მიერ ამ მიმართულებით საქართველოსათვის გაწეული დახმარება.
მეორე მომხსენებელმა, ისტორიკოსმა ირაკლი ვეშაგურიძემ ისაუბრა საბჭოთა პროპაგანდაზე, თუ როგორ ხდებოდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების საბჭოთა მოქალაქემდე მიტანა – ინფორმაციის გადაკეთებით, აქცენტების შეცვლით და მათი მეშვეობით ხდებოდა დასავლური საზოგადოების მკვეთრად უარყოფითად წარმოჩენა.
„2010 წლიდან დღემდე, საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების მთავარი მამოძრავებელი ევროკავშირთან ინტეგრაცია იყო. ამასთან ერთად, ფასდაუდებელია ევროკავშირის ფინანსური, მატერიალური, თუ ტექნიკური დახმარება ქვეყანაში სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, რომელიც გაწეულ იქნა საჯარო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის შესაძლებლობების გასაზრდელად. იმედი გვაქვს, რომ რეფორმები და ევროკავშირის მხრიდან მათი მხარდაჭერა გაგრძელდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საქართველოში სურსათის უვნებლობა ისეთივე დონეზე იყოს დაცული, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია“ – განაცხადა CSRDG-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა, ვახტანგ კობალაძემ.
„დეზინფორმაცია, როგორც საზოგადოების მართვის ერთ-ერთი საშუალება, განსაკუთრებით აქტუალური მეოცე საუკუნიდან გახდა. ინფორმაციულ ერას დადებითთან ერთად უარყოფითი ნიშნებიც შეიძლება მოეძებნოს, რისი თვალსაჩინო მაგალითიც საბჭოური პროპაგანდა იყო. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები იმდაგვარად შუქდებოდა, რომ დასავლური პოლიტიკური სისტემები და საზოგადეობა მხოლოდ უარყოფითი კუთხით ყოფილიყო აღქმული, რაც, თავის მხრივ, სსრკ-ში არსებულ წეს-წყობილებას უფრო მეტად დადებითი კუთხით წარმოაჩენდა. საბჭოთა დეზინფორმაცია ასევე ემსახურებოდა ქვეყანაში არსებული პრობლემების ნიველირებას და დასავლეთში არსებული „მძიმე ვითარების“ ფონზე შედარებით უკეთეს მდგომარეობად წარმოჩენას“ – განაცხადა ისტორიკოსმა ირაკლი ვეშაგურიძემ.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის, კონრად ადენაუერის ფონდისა და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მხარდაჭერით.