IDFI- უწყებების 71%-ს გრანტების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ აქვს
14 საჯარო უწყებებიდან (პარლამენტი, მთავრობა, სამინისტროები) 71%-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს 2023 წელს მიღებული და გაცემული გრანტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, ხოლო 65%-ს 2023 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშები.
შესაბამის კვლევას IDFI აქვეყნებს. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2023 წელს არც ერთმა ჩამოთვლილმა უწყებამ არ გაასაჯაროვა სარესტორნო და სამივლინებო ხარჯების დოკუმენტაცია, ავტომობილების შესახებ ინფორმაცია დეტალური მახასიათებლებით, შტატგარეშე მოსამსახურეთა სამუშაო პოზიციების ჩამონათვალი და სარგოები.
„მიმდინარე წლის 15 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა „არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალეობის საბაზისო კვლევა“, რომელიც აფასებდა „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო განცხადებაზე ხელმომწერი 474 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის გამჭვირვალობას შვიდი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: 1. ვებ-გვერდი 2. დონორის დასახელება/ლოგო 3. პროექტის დასახელება 4. გრანტის ოდენობა 5. პროექტის/გრანტის ვადა 6. წლიური ანგარიში 7. ორგანიზაციის გუნდი. IDFI-ს შეფასებით ამ კვლევის რეალურ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის საჭიროებაზე პროპაგანდის გაძლიერება და არა ამ არასამთავრობო ორგანიზაციების პროაქტიული გამჭვირვალობის შეფასება.
„ქართული ოცნების“ მიერ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალეობის საბაზისო კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, IDFI დაინტერესდა, სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე კანონის შესაბამისად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის გამჭვირვალობით.
არც ერთ სახელმწიფო უწყებას 7-ვე კატეგორიის მიხედვით სრულყოფილი და განახლებული ინფორმაცია არ აქვს გამოქვეყნებული. მაგალითად, უწყებების 71%-ს გამოქვეყნებული არ ჰქონდა 2023 წელს მიღებული და გაცემული გრანტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, 65%-ს სრულყოფილად გამოქვეყნებული არ ჰქონდა 2024 წლის პირველ კვარტალში სარეზერვო ფონდებიდან მიღებული დაფინანსების და 2023 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშები.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც 2014 წლიდან, ფაქტობრივად, არ ასრულებს მთავრობის დადგენილებითვე განსაზღვრულ ვალდებულებებს და არ აქვეყნებს ფინანსურ ინფორმაციას. ასევე, აღსანიშნავია კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემთხვევა, რომლის ბიუჯეტი 470 მილიონ ლარს შეადგენს და 3 წელზე მეტია არ აქვს საკუთარი ვებ-გვერდი.
საჯარო ფინანსების განკარგვასთან და საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის პროაქტიული გაუმჭვირვალობის ფონზე, კიდევ უფრო პრობლემურია, ამ კატეგორიის მონაცემებზე საჯარო ინფორმაციის არ გაცემა“, – აღნიშნულია IDFI-ის კვლევაში.