121 არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რუსული კანონის” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს
არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ.
როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, სარჩელი უკვე მზადაა და მას სასამართლოში დღეს შეიტანენ. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ სასამართლოს შუამდგომლობით, რომ დროებით შეჩერდეს კანონში არსებული სადავო ნორმების მოქმედება.
გარდა ამისა, ბრიფინგზე აღინიშნა, რომ პარალელურად სარჩელი მზადდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.
როგორც ერთობლივ ბრიფინგზე IDFI-ის კანონის უზენაესობის და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი დავითურმა განაცხადა, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაწელავს პროცესს, საერთაშორისო მექანიზმის გამოყენება გაგრძელდება.
“121 არასამთავრობო ორგანიზაცია ამჯერად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ კონსტიტუციური სარჩელით. ამასთან, სასამართლოს წარედგინება შუამდგომლობა არაკონსტიტუციური ნორმების შეჩერების შესახებ. კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ სადავო კანონი ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას, გაერთიანდეს საერთო მიზნის მისაღწევად ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად. რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება აყალიბებს მტრულ გარემოს, სადაც რისკად და საფრთხედ არის გამოცხადებული სხვადასხვა უფლებით, მათ შორის გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა. მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.
კონსტიტუციის 78-ე მუხლი წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადავო ნორმის შეჩერების შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს მას. ამასთან, ჩვენ ვემზადებით საჩივრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად”, – განაცხადა გიორგი დავითურმა.