ქართული ღვინის ექპორტიორები სახელმწიფოსგან 300 000 ლარამდე დაფინანსებას მიიღებენ
ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო ექსპორტიორებს მარკეტინგულ ხარჯებს 300 000 ლარამდე თანხით დაუფინანსებს.
პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია, ღვინის ექსპორტის მოცულობა და მარკეტინგული ხარჯი, ყველა რეგიონში ერთობლივად (აზიის რეგიონი, ევროპის რეგიონი, ამერიკის რეგიონი და სხვ. გარდა საქართველოსა, სუამისა და დსთ-ის ქვეყნებისა) ან ბენეფიციარის შერჩევით არაუმეტეს ორ რეგიონში, მიმდინარე წელს იყოს იმაზე მეტი, ვიდრე წინა წელს.
იმ შემთხვევაში, თუ წინა კალენდარული წლის და საანგარიშო პერიოდში გაწეული არ არის მარკეტინგული ხარჯი და განხორციელებული არ არის ღვინის ექსპორტი, გათვალისწინებული იქნება გასული 3 წლის განმავლობაში ბოლოს გაწეული მარკეტინგული ხარჯი და ექსპორტირებული ღვინის მოცულობა.
ქართული ღვინის პოპულურაზიციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი მიზნობრიობებით გაწეული მარკეტინგული აქტივობების თანადაფინანსებას:
– ქსელური ტიპის ობიექტებში მარკეტინგული ღონისძიებები;
– ღვინის მაღაზიებში თაროების ბრენდირება, სავაჭრო ობიექტების კატალოგში განთავსება, დეგუსტაციები;
– ღვინის მაღაზიებში პროდუქციის სწორი პოზიციონირებისათვის საერთაშორისო კომპანიების დაქირავება;
– მედიაკამპანიები, მედიასაშუალებებში და ღვინის გაყიდვების ონლაინ ფლატფორმებზე პროდუქტის რეკლამირება;- ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
– რეკლამა სოციალურ ქსელებში.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ქართული ღვინის ექსპორტიორებმა განაცხადები 30 აგვისტომდე ელექტრონულად (info@wine.gov.ge) ან ღვინის ეროვნულ სააგენტოში უნდა წარადგინონ.