ივანე ჩხაიძე – დომინანტურია მეტაპნევმოვირუსი, რომლისთვსაც დამახასიათებელია გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, შეიძლება ფილტვების ანთებაც გამოიწვიოს
2 კვირაა, რაც ქვეყანაში გრიპი აღარ ფიქსირდება, ახლა დომინანტურია მეტაპნევმოვირუსი – მეტაპნევმოვირუსისთვის დამახასიათებელია ზემო სასუნთქი გზების დაზიანების, გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, მან შეიძლება ფილტვების ანთებაც გამოიწვიოს, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში ასევე ცირკულირებს ადენოვირუსი.
„ბოლო ორი კვირაა, რაც გრიპი ქვეყანაში აღარ ფიქსირდება. შეიძლება ითქვას, რომ გრიპის შემთხვევების სეზონური მატება დასრულებულია. შესაძლებელია, ერთეული შემთხვევა იდენტიფიცირებული იყოს, მაგრამ გრიპი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის აღარ ფიქსირდება. ის ვირუსი, რომელმაც გრიპის ვირუსი ჩაანაცვლა, სწორედ ამ სეზონისთვის, ზაფხულისთვის დამახასიათებელია. გაზაფხულზე, როდესაც გრიპი მთავრდება, მას მეტაპნევმოვირუსი ანაცვლებს. ქვეყანაში ის ახლა სწორედ დომინანტური ვირუსია. მეტაპნევმოვირუსი არის ვირუსი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზემო სასუნთქი გზების დაზიანების, გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, თუმცა მან შეიძლება ასევე ფილტვების ანთება გამოიწვიოს. მიმდინარე წლის 25-ე კვირა ამ ვირუსის სიჭარბითაა გამორჩეული, ასევე ბევრია ადენოვირუსი. ამ ორ ვირუსს ერთი რამ ახასიათებს – მათ მსუბუქად მიმდინარე დაავადების გამოწვევა შეუძლიათ. ეს არის მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, 37 – 37, 5-ის, მაქსიმუმ 38-ის ფარგლებში, მას არ ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები საავადმყოფოში არ ხვდებიან. ძირითადად, არის მსუბუქად მიმდინარე რესპირაციული ვირუსული ინფექცია, თუმცა შესაძლოა მცირე ასაკის ბავშვებში ფილტვების ანთება გამოიწვიოს“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
გარდა ამისა, მან ყივანახველაზეც ისაუბრა. როგორც ჩხაიძემ განმარტა, ქვეყანაში ყივანახველის მკვეთრი მატება კვლავ ფიქსირდება.