ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთი მინაშენის ფასადზე ხარაჩოს აგება დასრულდა
სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფის მითითებითა და უშუალო ზედამხედველობით რამდენიმე დღის წინ დაწყებული ხარაჩოს აგების პროცესი ტაძრის დასავლეთი მინაშენის (სტოა) ფასადზე დასრულებულია.
მომდევნო დღეებში დაგეგმილია სპეციალისტების მიერ კრამიტის სახურავის მდგომარეობის შეფასება სარეაბილიტაციო სამუშაოების დაუყოვნებლივ დასაწყებად.
,,შეუფერხებლად მიმდინარეობს ხარაჩოს მოწყობა ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათის ყელის ირგვლივ და აქტიური სამუშაო პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება. ამავდროულად, ხარაჩოს აგება დაიწყო საეპისკოპოსო სახლის ინტერიერში. ადგილზე მიტანილი და დასაწყობებულია მასალა, რომელიც საშუალებას მისცემს სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფს, ზუსტად შეაფასოს საეპისკოპოსო სახლის სახურავის მდგომარეობა და წარმოადგინოს შესაბამისი პროექტი”.
ინფორმაციისთვის:
25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, სამხრეთი კალთის სხვადასხვა ადგილიდან ამოგლეჯილია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.