იყალთოს აკადემიის შენობას და ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება – გამოყოფილია 3 მლნ ლარი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვან ეკლესიასა და აკადემიის შენობას – რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რესტავრაციისას ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიის სახურავიდან მოიხსნება კრამიტის საფარი, გასუფთავდება კედლები, დაზიანებული ადგილები შეივსება, გამაგრდება საძირკველი, ტაძრის პერიმეტრზე მოეწყობა სანიაღვრე არხი; დაიწყება აკადემიის კედლების კონსერვაცია, გაკეთდება საყრდენი კედელი. ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 3 073 219 ლარი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურულ კომპლექსში იმყოფებოდა. პრემიერმა ეკლესია და იყალთოს აკადემიის ტერიტორია დაათვალიერა.