ბაზარზე ახალი პროდუქტი, „ცხელი საფერავი“ გამოჩნდა
„სტუმარმა“ ახალი პროდუქტი, „ცხელი საფერავი“ ჩაუშვა გაყიდვაში. აღნიშნულის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი ბუკიამ განუცხადა.
პროდუქტი ბუნებრივად ნალექიანი სახისა. შეფუთვაში კი სულ 8 ერთჯერადი პაკეტია. რაც შეეხება მოთხოვნას, დამფუძნებლის თქმით, მომხმარებელთა დაინტერესება დიდია.
„ცხელი საფერავი“ ზუსტად პასუხობს მომხმარებლისგან მიღებულ რეკომენდაციებს, რომ შეგვექმნა მეტად ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომლის მომზადებაც ყოველდღიური მოხმარებისათვის უფრო მარტივი და მოსახერხებელი იქნებოდა. შედეგად მივიღეთ პროდუქტი, რომლის მომზადებაც ნებისმიერ გარემოში სწრაფად არის შესაძლებელი“, – აცხადებს გიორგი ბუკია.
პროდუქტი „საფერავის ღვინის ჩაის“ ბაზაზე არის შექმნილი და ახასიათებს საფერავში არსებული ყველა სასარგებლო თვისება: ანტიოქსიდანტების მაღალი კონცენტრაცია, იმუნიტეტის გამაძლიერებელი ეფექტი, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და ბახუსიდან გამოსვლის პროცესის ხელშეწყობა.
რაც შეეხება „ღვინის ჩაის“, მასზე მოთხოვნა მზარდია. ბუკიას განცხადებით, „ღვინის ჩაი უნიკალური პროდუქტია და არ ჰყავს ანალოგი მსოფლიო მასშტაბით“. აქედან გამომდინარე, დაინტერესება დიდია, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის ბაზრებზე.
„ქართველი მომხმარებლისთვის საინტერესოა საფერავის საყვარელი არომატის აღმოჩენა ჩაის სახით, რომელიც სრულიად უალკოჰოლოა და ინარჩუნებს ღვინის ყველა სასარგებლო თვისებას. უცხოელი მომხმარებლები კი ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად, ინტერესდებიან ღვინის ჩაით მიღებული გამორჩეული გამოცდილებით“, – დასძინა მან.
რაც შეეხება ექსპორტს, ბუკიას თქმით, საფერავის ღვინის ჩაის სატესტო რაოდენობის ექსპორტზე გატანა განხორციელდა იაპონიაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მანვე აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებში გაყიდვების ტენდენცია და მოთხოვნა მზარდია.
„ექსპორტის კუთხით ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის აწყობა. გამომდინარე აქედან, ჯერჯერობით კონცენტრირებულები ვართ იმ ქვეყნებზე, რომლებსაც მივაწოდეთ სატესტო რაოდენობის პროდუქცია“, – აღნიშნავს გიორგი ბუკია.
ცნობისთვის, კომპანია „სტუმარი“ 2017 წელს დაარსდა და ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა. ამ რამდენიმე წლის განმავლობაში „ღვინის ჩაის“ მსგავს პროდუქტზე მუშაობის ტექნოლოგიების არქონის გამო, კომპანიას საწარმოო ხაზის შექმნა თავად მოუწია. დამფუძნებლის თქმით, „საბოლოო შედეგის მისაღწევად ჩატარებული იქნა 200-მდე ლაბორატორიული ცდა“, რათა პროდუქტის ღვინის გემო და სასარგებლო თვისებები შენარჩუნებული ჰქონოდა. „სტუმარში“ ამჟამად დასაქმებულია 10 ადამიანი. რაც შეეხება პროდუქციას, წარმოდგენილია თბილისის სხვადასხვა სუპერმარკეტში, ტურისტულ ობიექტებსა და სასტუმროებში. ბუკიას თქმით, აქტიურად მუშაობენ ქსელის ზრდა/განვითარებასა და ახალი გაყიდვების ობიექტების დამატებაზე.