ახმეტის საპატიო მოქალაქე, დუისის საჯარო სკოლის პედაგოგი ლამარა მარგოშვილი გარდაიცვალა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის პედაგოგი, ახმეტის საპატიო მოქალაქე ლამარა მარგოშვილი ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ლამარა მარგოშვილის ახლობლების თქმით, ის იყო დამსახურებული მასწავლებელი, პატრიოტი და სკოლაზე, ბავშვებსა და საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ბევრი მომავალი თაობა აღზარდა და განათლება მისცა.
,,ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ წაგვივიდა ქისტი ქალბატონი, დუისის საშუალო სკოლის დამსახურებული მასწავლებელი ახმეტის საპატიო მოქალაქე ლამარა მარგოშვილი. ის იყო ბევრი ახალგაზრდა თაობის აღმზრდელი პედაგოგი.
ის იყო სკოლაში ყველა წამოწყების სულის ჩამდგმელი, იყო ენერგიული ადამიანი, ზედმიწევნით ფლობდა ქართულ ენას და აგრეთვე მუშაობდა დუისის სკოლაში ორგანიზატორად, განსაკუთრებით უყვარდა საქართველო და ქართველი ხალხი.
ის იყო დიდებული ადამიანი. ვიზიარებ მისი ოჯახის ახლობლებისა და ნათესავების დიდ მწუხარებას მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვუსამძიმრებ აგრეთვე დუისის სკოლას ასეთი მეგობრისა და პედაგოგის დაკარგვას”,– წერენ მისი ახლობლები.