4 პერსონალური გამოფენა და 50 წლიანი მუშაობის სტაჟი- გაიცანით მხატვარი ესმა ალავერდაშვილი გურჯაანიდან
გურჯაანში მცხოვრები ესმა ალავერდაშვილი 6 წლის ასაკიდან ხატავს. ხატავდა ყველგან, როცა შეეძლო. სწორედ ამიტომ, ის სკოლაში გამორჩეული მოსწავლე იყო და სხვადახვა ღონისძიებს თუ კედლის გაზეთებს ნახატებით თავად აფორმებდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ხატვის მიმართულებით გააგრძელა და წლებია ამ საქმით არის დაკავებული.
,,ხატვა სასკოლო ასაკიდან დავიწყე. 6 წლიდან ვხატავდი წიგნებზე, მერხებზე. შემდეგ სკოლაში მითხრა დირექტორმა, რომ უფლებას გაძლევ ჩემს გაკვეთილზეც ხატო, ოღონდ მერხზე არაო. სკოლის პერიოდში კედლის გაზეთებს ვაფორმებდი ჩემი ნახატებით. აქედან მოდის ჩემი სიყვარული ხატვისადმი. გარდა ამისა, მთელს კლასს ვეხმარებოდი ხატვაში და ხაზვაში. ისინი მაღალ ნიშნებს იღებდნენ, მაგრამ მე საყვედურს ვიღებდი მასწავლებლისგან. მაშინ დამემუქრა მასწავლებელი და მითხრა, რომ არ დაგიწერ ნიშანსო და საბოლოოდ ხატვაში 4 გამომაყოლა.
სკოლის დამთავრების მერე თბილისში, ტექნიკუმში ჩავაბარე და შემდეგ ვისწავლე საზღვარგარეთ, ხელოვნების უნივერსიტეტში. სწავლის დამთავრების შემდეგ გურჯანში, სამხატვრო სკოლაში დავიწყე მუშაობა, 2 წლის შემდეგ კი ამავე სკოლის დირექტორი გავხდი. 50 წელია რაც დირექტორი ვარ და, ამ დროის განმავლობაში, ბევრი მომავალი თაობა აღვზარდე. უმრავლესობა ჩვენს სკოლაში მუშაობს პედაგოგად, ბევრმა კი პროფესიად მხატვრობა აირჩია და წარმატებულად აგრძელებენ საქმიანობას. ჩვენი მოსწავლეები სამხატვრო აკადემიაში აბარებენ მოუმზადებლად’’,- აცხადებს ესმა ალავერდაშვილი.
როგორც ესმა ამბობს, ის ძირითადად გრაფიკული ფერწერით არის დაკავებული და ამ დრომდე როგორც გურჯაანში, ისევე თბილისში, 4 პერსონალური გამოფენა ჰქონდა.
,,ძირითადად გრაფიკული ფერწერის კუთით ვმუშაობ, ვხატავ ზეთით ტილოზე. ამ დრომდე ოთხი პერსონალური გამოფენა მქონდა. რამდენიმე დღის წინ იყო მეოთხე, რომელიც იყო საიუბილეო და დაემთხვა მუშაობის 50 წლისთავს. გამოფენები მქონდა როგორც გურჯაანში, ასევე თბილისში. ჩემი ნახატები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია კერძო კოლექციებში. ზოგი აქ გაიყიდა და წაიღეს, ზოგიც გამოფენა მქონდა საზღვარგარეთ და მაშინ იყიდეს. ჯერ ასე აქტიურად არ ვყიდი ნამუშევრებს. ნახატების უმეტესობა შესყიდული აქვს მერიას და როცა სტუმრად მოდიან უცხოელები, მათ ჩუქნიან. გარდა ამისა, ჩემი ნამუშევრების შესახებ გამოვეცი წიგნი, სადაც ჩემი ნამუშევრებია შესული’’,- განაცხადა ესმა ალავერდაშვილმა KNEWS.GE-სთან საუბრისას.
მან საუბრისას სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სამომავლო გეგმაა მეტი პერსონალური გამოფენის გამართვა, რადგან მისი ნამუშევრებით დაინტერესება დიდია.
,,ვფიქრობ, რომ სამომავლოდ 1 გამოფენა კიდევ გავაკეთო. მინდა მადლობა გადავუხადო გურჯაანელებს და ყველას, ვინც გვერდით მიდგა წლების განმავლობაში’’.