დაუფასოებელ სურსათზე წარმოშობის ქვეყნის მითითება სავალდებულო ხდება
„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა. უფრო კონკრეტულად, ცვლილებები შეეხო დაუფასოებელ სურსათს.
დადგენილების მიხედვით, განისაზღვრა ის ინფორმაცია, რომლის დაუფასოებელ სურსათზე თვალსაჩინო ადგილას განთავსებაც სავალდებულო ხდება. სავალდებულო იქნება სურსათზე პროდუქციის დასახელების, ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის ნივთიერებების შემცველი პროდუქტის ინგრედიენტების და წარმოშობის ქვეყნის მითითება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქამდე სავალდებულო იყო წარმოშობის ქვეყნის მითითება მხოლოდ ხორცზე, განხორციელებული ცვლილებებით კი სავალდებულო იქნება ყველა სახის სურსათისთვის. ცვლილებები 2024 წლის 1-ელი აგვისტოდან შევა ძალაში.