ახალი ამბები

სიმაღლეზე მუშაობის წესები მკაცრდება

„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვილილებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სავალდებულო ხდება დამცავი მოაჯირის მონტაჟი ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე.

ამასთან, დამცავი მოაჯირი აწყობილი უნდა იყოს EN 13374 სტანდარტით, შესაბამისი სერტიფიკატიკი უნდა ინახებოდეს იმ სამუშაო სივრცეში, სადაც ხდება მოაჯირის მონტაჟი.

ცვლილებების მიხედვით, ღიობების (ნაგებობაში ღიად დატოვებული სივრცეები), ყველა მხარე შემოსაზღვრული უნდა იყოს დამცავი მოაჯირებით. ასევე, ღიობთან ახლოს მდებარე პანდუსი ან დაქანებული ადგილი, რომელიც გამოიყენება ადამიანის სავალ ბილიკებად, უნდა იყოს მოაჯირებით შემოსაზღვრული.

გარდა ამისა, სამუშაო სივრცეში განთავსებული ნებისმიერი ხარაჩო უნდა იყოს სწორად დაპროექტებული, EN 12810-1 სტანდარტით. ასევე, სათანადოდ მოვლილი. შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტი კი უნდა ინახებოდეს იმ სამუშაო სივრცეში, სადაც განთავსებულია ხარაჩო.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაო სივრცეში განთავსებულ ნებისმიერ ხარაჩოს უნდა გააჩნდეს ჩანაწერები მისი ექსპლუატაციის შესახებ.

ამასთან, დაუშვებელია ხარაჩოს აღმართვა, შეცვლა ან მოხსნა პასუხისმგებელი პირების გარეშე. ამასთან, ხარაჩოს გამოყენებული მასალები გამოყენებამდე ყოველ ჯერზე უნდა მოწმდებოდეს.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ნაწილობრივ მოხსნილ ან დაუსრულებელ ხარაჩოებთან თვალსაჩინო ადგილებზე უნდა იყოს განთავსებული ამკრძალავი/გამაფრთხილებელი ნიშნები. ასევე, ხარაჩოებთან მიმავალი გზები უნდა იყოს გადაკეტილი შესაბამისი სახის მოაჯირებით.

ხოლო ხარაჩოს აწყობა/დაშლა, შეცვლა და სარემონტო სამუშაოების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობით. ხარაჩოს შემოწმების ანგარიში (წერილობით) კი, უნდა ინახებოდეს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთან.

ცვლილებების მიხედვით, დაუშვებელია:

ხარაჩოს გამოყენება, თუ მისი რომელიმე დეტალი არის გაბზარული, გატეხილი, დეფორმირებული ან აღენიშნება სხვა სახის დაზიანება;
გადასატანი ხარაჩოს სტაციონარულ ხარაჩოზე განლაგება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სივრცე საკმარისად ფართოა, ხოლო საყრდენი ბოძები პლატფორმაზე მყარად არის დამაგრებული;
ხარაჩოს გამოყენება ცუდი ამინდის პირობებში (ძლიერი ქარი, წვიმა და ა. შ.), რამაც შეიძლება, ზეგავლენა მოახდინოს ხარაჩოს მდგრადობაზე.
გარდა ამისა, სამუშაო ადგილებზე ხარაჩოების, გალიების, კალათებისა და მსგავსი აღჭურვილობის გამოყენებისას ამ აღჭურვილობის შემოწმება უნდა მოახდინოს პასუხისმგებელმა პირებმა შემდეგი პერიოდულობით:

ა) ექსპლუატაციაში შესვლამდე;
ბ) ექსპლუატაციისას, პერიოდულად − არანაკლებ 10 დღეში ერთხელ;
გ) დაუყოვნებლივ, აღჭურვილობის მოდიფიკაციის, გარკვეული პერიოდით მოცდენის, ცუდი ამინდის, სეისმური რყევების ან ნებისმიერი სხვა გარემოების დადგომის შემდეგ, რომელსაც მის ტვირთამწეობაზე ან მდგრადობაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია;
დ) თუ ხარაჩოს ექსპლუატაცია შეჩერებული იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
გარდა ამისა, აკრძალულია კუსტარულად დამზადებული კიბეების გამოყენება.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, 2026 წლის პირველი იანვრიდან, სამუშაო სივრცეში განთავსდება და გამოიყენება სიმაღლეზე სამუშაოებისათვის განკუთვნილი მხოლოდ ის ხარაჩო, რომელსაც გააჩნია EN 12810-1 სტანდარტთან შესაბამისობის ტექნიკური დოკუმენტი.