კიბერუსაფრთხოების მიზეზით ფეისბუკზე იშლება პოსტები ხელისუფლებისადმი კრიტიკული წყაროებიდან
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რუსული კანონი, მოქალაქეების საყოველთაო პროტესტის მიუხედავად.
“მთის ამბები” 15 ივნისს საგანგებო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გამოცემის ფეისბუკგვერდიდან მასობრივად იშლება მასალები, რომლებიც კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და მასალებს მოიცავს.
ამ დროისთვის მიუწვდომელია “მთის ამბების” ვებგვერდიც.
“ჩვენი ფეისბუკგვერდიდან მასობრივად შლიან შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და დაკავშირებულ მამხილებელ მასალებს. ჩვენ ვცდილობთ მომხდარის გარკვევას და შესაბამის რეაგირებას”, — წერია “მთის ამბების” განცხადებაში.
მსგავსი შინაარსის ინფორმაციის ავრცელებს ნაზი ჯანეზაშვილი, ორგანიზაცია “სასამართლო გუშაგის” ხელმძღვანელი.
“გუშინ ჩვენ, ანუ საქართველოს სასამართლოს გუშაგს, წაგვიშალეს ორივე ფეიჯზე 60-მდე პოსტი, სადაც გაზიარებული გვქონდა სტატიები courtwatch.ge-დან”, — წერს ჯანეზაშვილი.
გავრცელებული განცხადებების პასუხად, ფეისბუკის ასობით მომხმარებელი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მათი პირადი გვერდებიდან ქრება “მთის ამბებიდან” გაზიარებული პოსტები, პოსტები, სადაც მხოლოდ ნახსენებია შოვის ტრაგედია, მონიშნულია მთის ამბების რედაქტორი გელა მთივლიშვილი. გამაფრთხილებელ შეტყობინებებში კი ნათქვამია, რომ პოსტები კიბერუსაფრთხოების მიზნით წაიშალა და წაშლილი პოსტების საშუალებით სენსიტიური ინფორმაციის შეგროვება ხდებოდა.
გელა მთივლიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ გამოცემამ კომპანია “მეტას” მხარდაჭერის სერვისებში მომუშავე ადამიანებს პერსონალურადაც მიმართა საჩივრით და გამოხმაურებას ელიან.
გამაფრთხილებელი შეტყობინება ფეისბუკის პერსონალურ ანგარიშებზე იძლევა წაშლაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის მოსათხოვ შაბლონსაც.
ინფორმაცია წაშლილი პოსტების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი რესურსებისგან და მოქალაქეებისგან ვრცელდება.