ხელნაკეთი სამკაულები, დიადემები და აქსესუარები- გაიცანით თელაველი ხელოვანი
წარმოშობით თელაველი, 26 წლის მაკა ჭარაქაშვილი ხელნაკეთ დიადემებს, სამკაულებს და სხვადასხვა სახის სასცენო აქსესუარებს ამზადებს. მას ამჟამად მცირე ბიზნესი თბილისში აქვს, იღებს შეკვეთებს და საკუთარ სამკაულებს ადგილზე ყიდის.
როგორც თავად ამბობს, ხელოვნება ბავშვობიდან მოსწონდა. თავდაპირველად ხატვა დაიწო, შემდეგ ვერცხლსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობდა; ამ დროისთვის კი ის, ბუნებრივი მინერალებით და სხვადასხვა მასალით, განსხვავებული სტილის სამკაულებს, აქსესუარებს და დიადემებს ამზადებს.
,,ხელოვნება და მასთან დაკავშირებული ყველა დარგი ბავშვობიდანვე მაინტერესებდა: ვკერდი, ვქსოვდი, ბისერებისგან ვაწყობდი სამკაულებს, მაგრამ რატომღაც უნივერსიტეტში ჩაბარების დრო რომ მოვიდა, ჩავაბარე მათემატიკურზე. მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე ვხატავ და კარგად გამომდის. ჩემი მეგობრის დაჟინებით, უნივერსიტეტში, თავისუფალ კრედიტებში ხატვის სასწავლო კურსი ავირჩიე. ჩემი ლექტორი იმდენად მომეწონა, მთელ დღეებს ლექციებზე ვატარებდი. ამიტომ, გადავწყვიტე პროფესიის შეცვლა.
პროფესით ვარ სამკაულის დიზაინერი. თავდაპირველად ვმუშაობდი ვერცხლზე და ტიხრულ მინანქარზე. ამავდროულად, ვისწავლე ყველაფერი ხელოვნების შესახებ: ხატვა, ძერწვა და სხვა მიმართულებები. ამჟამად ვამზადებ ხელნაკეთ სამკაულებს ბუნებრივი მინერალებით. წლები ვმუშაობდი მინანქარზე. მაგრამ ახლა რასაც ვაკეთებ, ძალიან მომწონს.
მსგავს აქსესუარებს უცხოურ საიტებზე ვნახულობდი, მაგრამ ვერ ვშოულობდი საქართველოში. ამასობაში დაიწყო პანდემია, სამსახურები დაიკეტა და დავრჩი სახლში. იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტები ვეღარ შემოდიოდნენ, მინანქრის სახელოსნოებიც დაიკეტა.
ამიტომ მინდოდა ისეთი საქმე მეკეთებინა, რაც მომწონდა. ეს ტექნიკა შევისწავლე ინტერნეტის საშუალებით და საკმაოდ მარტივად ავუღე ალღო, რადგან მინანქარზე მუშაობის შედეგად, ხელი უკვე მიჩვეული მქონდა წვრილი დეტალების შექმნაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტექნიკა საქართველოში პირველად მე დავიწყე.
თავიდან სტანდარტულ ნამუშევრებს, ყელსაბამებს, ბეჭდებს ვამზადებდი, მაგრამ მალევე გადავედი განსხვავებულ აქსესუარებზე და დავიწყე ტიარას, დიადემის, ე.წ. ელფის ყურების და სხვა ნივთების დამზადება. იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, საათობით შემიძლია ვიჯდე და ვაკეთო. არასდროს მბეზრდება, არასდრის ვიღლები ამის კეთებით’’,– განუცხადა knews.ge-ს მაკა ჭარაქაშვილმა.
როგორც მაკა ამბობს, ხელნაკეთი ნივთების დიზაინი მხოლოდ მისია და ყველა ნამუშევარი ერთი ეგზემპლიარია. მისი თქმით, ნამუშევრებში არცერთი დეტალი არ მეორდება და ყველა ექსკლუზიურად იქმნება.
„მსგავსი სირთულის ნამუშევრებს ჯერ კიდევ ვერ შეხვდებით საქართველოში. რაც შეეხება ნამუშევრის დიზაინს, ჩემია. როცა რამე ნივთის გაკეთებას ვიწყებ, წინასწარ მეც არ ვიცი რას ვამზადებ, კეთების პროცესში იბადება იდეები. ზოგი იმდენად რთული ნამუშევარია, თვითონაც ვეღარ ვიმეორებ ზუსტად იგივე მოდელს. ჩემთვის ყველაფერი გახდა ეს საქმიანობა. როცა მუშაობა დავიწყე, თავიდან ყველას უკვირდა სად უნდა გაყიდოო.
მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ეს ნივთები გახდა მოთხოვნადი. მაქვს ონლაინ გვერდი, ,,მაკლინა’’, რისი საშუალებითაც ვუკეთებ ჩემს ნივთებს რეალიზაციას. ძირითადად დიადემა და ე.წ. ელფის ყურებია მოთხოვნადი, შემდეგ მკლავის აქსესუარები და დანარჩენი ნივთები. თითოეულ სამკაულში მთელს ემოციას და სიყვარულს ვდებ.
ყველა მომხმარებელი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ მინიმალურ ფასებს ვადებ ჩემს ნივთებს. თანხაზე მეტად მომხმარებლისგან ემოციების გაზიარებას ველოდები ხოლმე. მყავს კურიერი და მთელი საქართველოს მასშტაბით ვაგზავნი ამანათებს“,- აცხადებს ხელოვანი.
ახალგაზრდა ხელოვანი ასევე გამოწვევებსა და საჭიროებებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მეტი მომხმარებლის მოზადიდად, ცნობადობა სჭირდება. მან საუბრისას სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.
,,პირველ რიგში მჭირდება კარგი პიარი, რადგან სოციალური მედია და მისი მართვა ჩემი სუსტი მხარეა. მირჩევია ვიჯდე ჩემთვის და ვაკეთო სამკაულები. კიდევ მჭირდება გარკვეული ბიუჯეტი, რომ სამუშაოდ მეტი მასალის გამოწერა შევძლო უცხოეთიდან. სამწუხაროდ, ბევრი მინერალი აქ არ იშოვება. მარაგი რომ მეწურება და აქ მიჭირს შოვნა, ხშირად ამის გამო შეკვეთას ვერც ვიღებ ხოლმე.
ჩემი სამომავლო მიზანია, რომ ბიზნესი გავზარდო. მინდა ჩემი პატარა სახელოსნო, სადაც შევძლებ სხვადასხვა ტექნიკით სამკაულების დამზადებას“.