რა უნდა იცოდე ყვარელზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი კახეთის მხარეში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან დასტურდება.
ანტიკურ ხანაში ამ მხარის რელიგიურ ცენტრს ნეკრესი წარმოადგენდა, რომელიც მეფე ფარნაჯომმა დაარსა (ძვ.წ. II-I სს). ნეკრესში შემორჩენილია დიდი კვადრატის სახელით ცნობილი მზის ტაძრის ნანგრევები. აქ მდებარეობს აგრეთვე მეფე თრდატის მიერ IV საუკუნეში აგებული ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ტაძართაგან. განვითარებულ შუასაუკუნეებში ყვარელზე (კერძოდ გრემზე) გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები. ამ პერიოდში გრემი კახეთის სამეფოს სატახტო ქალაქი იყო. ისტორიული წყაროების მიხედვით დღევანდელი ყვარლის ტერიტორიაზე ადრეულ შუასაუკუნეებში ჩამოსახლებულან ფშავლები სოფელ ყვარადან, რომელთაც ყვარლელები დაარქვეს. აქედან მომდინარეობს ტოპონიმი ყვარელი. დღესდღეობით ყვარელში კარგად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგი მევენახეობაა. განვითარებულია აგრეთვე მეცხოველეობა და მეფრინველეობა. რაიონში მრავალი ღვინის ქარხანაა თავმოყრილი. აქ მდებარეობს კარგად ცნობილი ყურძნის მიკროზონა – „ქინძმარაული“. ყვარლის მუნიციპალიტეტი ტურისტულადაც განვითარებულია, აქ ფუნქციონირებს ტურისტულ-დასასვენებლი კომპლექსები – „ყვარლის ტბა“ და „ილიას ტბა“. ყვარელი სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ბუნების სილამაზით დიდ ინტერესს იწვევს და უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს.
ყვარლის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ყვარელი. ყვარელს ესაზღვრება თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა. რაიონისთვის მდინარეთა ხშირი ქსელია დამახასიათებელი, რომელიც მდინარე ალაზნითა და მისი შნაკადებითაა წარმოდგენილი. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ვაკე და მაღალმთიან ნაწილებად იყოფა.
ყვარლის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ლამაზი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ვრცელი ხედები ალაზნის ველზე, ტყეები და ტბები შესანიშნავ გარემოს ქმნის ბუნების მოყვარულთათვის. შესანიშნავია დასასვენებლად ყვარლის ტბისა და ილიას ტბის კომპლექსები. ყვარელი ნამდვილად სამოთხეა კულტურით დაინტერესებული მოგზაურებისთვისაც. რაიონში თავმოყრილია სხვადასხვა ეპოქის მრავალი კულტურულ-ისტორილი მნიშვნელობის ძეგლი. მაღალ მთაზე განლაგებული ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებისგან შედგება (მათ შორისაა IV საუკუნეში მეფე თრდატის მიერ აგებული უძველესი ბაზილიკა), წინარექრიატიანული პერიოდის ნეკრესის დიდი კვადრატის სახელით ცნობილი მზის ტაძარი, ქართული კულტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში – გრემის მთავარანგელოზთა კომპლექსი და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ძეგლი. ყვარლის ცენტრში მდებარეობს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, რომელიც მოიცავს ჭავჭავაძეების საგვარეულო კოშკს, ილია ჭავჭავაძის მამისეულ სახლს, მარანს, თონეს, ბეღელს, წყლის წისქვილსა და მემორიალური ნივთების ექსპოზიციას.
წყარო: Georgian Travel Guide