ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავის საკრებულოს თავმჯდომარე– გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში მიხეილ გრემელაშვილს უფლებამოსილება შეუწყდება

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ საკრებულოს წევრის, სოფელ შალაურის მაჟორიტარი დეპუტატის მიხეილ გრემელაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი განცხადებით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან და გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის თანავე მას უფლებამოსილება შეუწყდება.
,,ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და დაველოდოთ სასამარლოს გადაწყვეტილებას.
მიხეილ გრემელაშვილი სამსახურში არ ყოფილა კონფლიქტური და არც ოჯახური ძალადობის ფაქტის შესახებ გამიგია რამე.
თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ამას კანონი თვითონ არეგულირებს და მოხდება უფლებამოსილების შეწყვეტა. რაზეც საკრებულო რეაგირებას მოახდენს და მიიღებსიღებს გადაწყვეტილებას.

ცნობის სახით, სამსახურიდან ჩვენ ვერ გავათავისუფლებთ მას რადგან მისი თანამდებობაა პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ამას გააკეთებს თავად ფრქაცია. როგორც დეპუტატის, მისი მუშაობა ნაყოფიერი იყო”,–განაცხადა არჩილ თხლაშიძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მიხეილ გრემელაშვილი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული მამაკაცი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.

სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.