საგარეჯოს უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობა იწყება
საგარეჯოს სტაბილური წყალმომარაგებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად წინანადადებების მიღება დასრულდა და შერჩევა–შეფასების პროცედურები მიმდინარეობს.
პროექტების ჯამური ღირებულება კი 6 მილიონ 136 ათას ლარზე მეტია.
„პროექტით გათვალისწინებულია ძველი მილების ახლით ჩანაცვლება, ახალი სატუმბო სადგურის მოწყობა, საქლორატორო შენობის რეაბილიტაცია და ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
დღეისთვის, საგარეჯოში არსებული ქსელი ამორტიზებულია და წყლის წნევის რეგულირება ვერ ხერხდება. ასევე, დიდია დანაკარგები, რის გამოც, განსაკუთრებით წყალმცირობის დროს, ქალაქი სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის.
მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. ზაფხულის პერიოდში გრაფიკით მიწოდებაც შეფერხებულია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 8 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ქალაქში მცხოვრებ 12 250 ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.
პროექტს 2 417 600 ლარი მოხმარდება. ამ დროისთვის, წყალმომარაგების კომპანია კახეთის რეგიონში ოთხ პროექტს ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის სამუშაოები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლების: ჭიაურის, ჰერეთისკარისა და თამარიანის წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილის მოწყობა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა და ქალაქ ახმეტის წყალმომარაგების საქლორატოროს ტექნოლოგიის მოწყობა,“-აცხადებენ კომპანიაში.