ახალი ამბები

პირი, რომელსაც სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსი დაუდგინდა, სატვირთო ავტომობილის მძღოლია

პირი, რომელსაც სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსი დაუდგინდა, სატვირთო ავტომობილის მძღოლია და საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, აღნიშნული პირი 29 ივნისს შემოვიდა საქართველოს საზღვარზე.
მისივე თქმით, საზღვარზე შემოსვლის შემდეგ ოთხჯერ ჩაუტარდა ტესტირება, თუმცა გუშინდელ დღემდე დადებითი პასუხი არ ყოფილა.

„პაციენტი არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სომხეთიდანაა შემოსული. არის საქართველოს მოქალაქე. ეს ადამიანი იყო აბსოლუტურად უსიმპტომო. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ჩამოსულია და ფაქტობრივად ცხოვრობს ჩუმლაყში, სადაც არის ხილის და ბოსტნეულის დასამზადებელი სამაცივრე ბაზარი და ეს ადამიანი იქ იმყოფებოდა.

ჯერჯერობით ყველა კონტაქტი მოძიებული არ არის. დაახლოებით 10-15 კონტაქტია. დღეს ხუთ საათზე დაგეგმილი გვაქვს გუბერნატორთან სპეციალური სხდომა, სადაც დავგეგმავთ, თუ რა ღონისძებები უნდა გავატაროთ, არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალში ასეთი ეპიდსიტუაციების კონტროლისთვის“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.