ვიდეორეპორტაჟი

სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსით ინფიცირებული პირის 15 კონტაქტია გამოვლენილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნული პირის კონტაქტების გამოსავლენად დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეპიდკვლევას ახორციელებს.

დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოკვეთილია აღნიშნული პირის 15 კონტაქტი, რომელთაც შესაბამისი ტესტირება ჩაუტარდებათ და მათი ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

,,ყოველდღიურ რეჟიმში ვაგზავნით ნიმუშებს ლუგარის ცენტრში. გუშინდელი აღებული ნიმუშების პასუხი საღამოს მოვიდა და ერთ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. მაშინვე დავიწყეთ ეპიდკვლევა და ეს ადამიანი კი გადაყვანილი იქნა შესაბამის სამკურნალო ცენტრში.

აღნიშნული პირი საქართველოში სომხეთიდან 29 ივნისს შემოვიდა. ის არის ტრაილერის მძღოლი და შესაბამისად ექვემდებარება იმ პროცედურებს, რომელიც გაწერილია ბრძანებით. ის ყოველ 72 საათში ერთხელ გადის ტესტირებას.

სოფელში ეპიდკვლევა მიმდინარეობს, ამ ეტაპზე 15 კონტაქტია გამოვლენილი და ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. როცა დასრულდება შესაბამისი ღონისძიებებიც იქნება გატარებული.

ყველა კონტაქტის ბიოლოგიური ნიმუშები აღებულია და საღამოს გადაიგზავნება შესაბამის დაწესებულებაში. გარდა ამისა, დავალაგებთ და განვსაზღვრავთ ვის რამდენხნიანი კონტაქტი ჰქონდა მასთან, ამის შემდეგ გადაწყდება ვინ გადავა თვითიზოლაციაში და ვინ კარანტნში. ყველას პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

სავარაუდოდ ესეც შემოტანილი შემთხვევაა და შიდა გავრცელება ხომ არ მოხდა ამის გასაგებად გრძელდება კვლევა”,– განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.

ავტორ: მაკა ხაზიური, თორნიკე ხალხელაური