ახალი ამბები

გიორგი გახარია – მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოახდინოს რთველის სუბსიდირება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა რთველს დაასუბსიდირებს.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა შესყიდვებშიც ჩაერთვება.

„რთველი გვიახლოვდება. ერთ-ერთი სამიზნე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის გახლავთ სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ ადამიანებს დავხმარებოდით და ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში.

გარდა ამისა, ყველას მოგეხსენებათ ბოლო წლების განმავლობაში როგორ ვითარდება მევენახოება და მეღვინეობა. 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი მოხდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. საერთოდ მეღვინეობა ქართულ ექსპორტში 2012 წელს იყო დაახლოებით 2.5% და დღეის მონაცემებით ეს არის 6%.

ეს არის ძალზედ სერიოზული დინამიკა განვითარების, დარგის ზრდის, ამიტომ შეუძლებელი იყო ჩვენ ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და ანტიკრიზისული გეგმა სპეციალურად მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა, განსაკუთრებით რთველის პირობებში.

ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს რთველის სუბსიდირება, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები. ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია, შესაბამისი დავალება აქვს მიღებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში იმ შემთხვევაში თუ ასეთი უკიდურესი აუცილებლობა დადგება. მაგრამ ყველა შემთხვევაში მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ მინიმალური ფასი ქართულ ყურძებზე – რქაწითელზე და კახურ მწვანეზე იქნება 80 თეთრი. ეს ის მინიმალური შესაძლებლობაა კრიზისის პირობებში, რაც ჩვენ შეგვიძლია დღეს დახმარების სახით გავუწიოთ ქართველ მევენახეებს”, – განაცხადა პრემიერმა.