ახალი ამბებივიდეორეპორტაჟითვითმმართველობასტატიები

რა პრობლემების წინაშე დგანან კახეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები

მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროება, არაფორმალური განათლების სივრცეების შექმნა, მაწანწალა ძაღლების პრობლემა, თელავში კინოთეატრის არარსებობა- ეს იმ პრობლემებისა და ინიციატივების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ახალგაზრდები ადგილობრივ თვითმმართველობას 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებას სთხოვენ.

აღნიშნულ საკითხებზე თელავში ახალგაზრდული ალიანსი „აისის“ მიერ ჩატარებულ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

თელავში მცხოვრები ანა ჯანელიძე ფიქრობს, რომ ახალგაზრდების თვითრეალიზებისთვის და ლიდერობის საჭირო უნარჩვევების გამომუშავებისთვის აუცილებელია ქალაქსა და სოფლებში იყოს არაფორმალური განათლების ცენტრები, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან, ისაუბრებენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ამავე დროს გამართავენ სხვადასხვა ღონისძიებას.
,,სკოლიდან რომ გამოვდივართ, წასასვლელი არ გვაქვს, რომ საღამოს შევიკრიბოთ, აზრები გავცვალოთ, გავმართოთ ღონისძიება, არ არის ამისი არც სივრცე, არც თავისუფალი ადგილი. სოფლებში ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემაა. მაგალითად სოფელ აკურაში ერთადერთი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, ისიც საღამოს 6 საათამდე და არის საშინელი პირობები. იქ საერთოდ რაიმე ღონისძიებების დაგეგმვაზე ლაპარაკი არც არის’’,- განუცხადა knews.ge-ს ანა ჯანელიძემ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიგა მამუკელაშვილი ახალგაზრდების პრობლემების მოსაგვარებლად მათთან უშუალო კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი თქმით, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გამოთქმული ინიციატივები დამუშავდება და შესაძლებლობის ფარგლებში მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.
,,მოვისმინეთ ახალგაზრდების ინიციატივები, შეფასებები და შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე. მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათთან, მოვისმინოთ მათი ინიციატივები და, შესაბამისად, კანონმდებლობის და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ავსახოთ მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში.
როდესაც დგება მუნიციპალური პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებზეა მორგებული, ეს უნდა კეთდებოდეს უშუალოდ მათთან კონსულტაციებით და კონკრეტული ადამიანები გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდნენ მათ გარეშე. ახალგაზრდებთან უშუალო შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბიუჯეტში ახალგაზრდული მიმართულებები სწორად დაიგეგმოს და ფულიც რაციონალურად დაიხარჯოს’’,- აღნიშნა გიგა მამუკელაშვილმა.
ახალგაზრდული ალიანსი ‘’აისის’’ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრები და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე მსჯელობა მნიშვნელოვანია. ბექა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების გაძლიერება, რომლის ხელშეწყობაზეც შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება, დადებითად იმოქმედებს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე.
,,შეხვედრაზე განხილული იყო ადგილობრივი პოტენციალი და შესაძლებლობები როგორც ახალგაზრდების განვითარების, ასევე მათი სამეწარმეო უნარჩვევების და ბიზნესის წამოწყების კუთხით. ვისაუბრეთ ასევე პრობლემებზე, გამოწვევება და მათი გადაჭრის გზებზე.
მსგავს დისკუსიებს, რომელშიც თვითმმართველობაც იღებს მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ახალგაზრდები პირისპირ ესაუბრებიან გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, აწვდიან ინფორმაციას და სთხოვენ არსებული პრობლემების მოგვარებას’’,- განაცხადა ბექა ხატიაშვილმა.
შეხვედრა თელავში პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეები საზოგადოების განვითარებისთვის“ ევროკავშირის მხარდაჭერითERASMUS+ პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, სომხეთის, უკრაინისა და მოლდავეთის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო კომპეტენციის გაზრდას და ცოდნის დონის ამაღლებას, ევროპული გამოცდილების დანერგვას იტალიის და ესპანეთის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით. პროექტს კოორდინაციას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ალიანსი„აისი“.