ახალი ამბებისტატიები

თელავში მცხოვრებმა მეწარმემ თეთრი მარწყვის მოყვანა დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრებმა გიორგი ლაცაბიძემ უეკლო მაყვალთან ერთად თეთრი მარწყვის მოყვანა დაიწყო.

მეწარმემ მარწყვის მოსავალი უკვე მიიღო და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

მისი თქმით, პირველი მოსავალი უკვე გაყიდა და პროდუქტზე სამომავლოდ მოთხოვნის გაზრდას ელოდება.

,,თეთრი მარწყვის მოსავლის აღება დასასრულს მიუახლოვდა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ახლაც ასეა, რომ ერთ-ერთმა პირველმა თავად უნდა სცადო ახლის დანერგვა, რომ გაიგო რამდენად კარგი შედეგი ექნება.

მოსავალი უკვე მივიღე. კისისხევის ბაზარში 250 გრამიანი კონტეინერებით თეთრი მარწყვი 5 ლარად გაიყიდა. კომერციული მწარმოებლისთვის ეს ძალიან კარგი ფასია, რადგან სეზონზე მარწყვის ასეთი ფასი არასდროს ყოფილა, რაც კილოგრამი 20 ლარს უდრის.

რათქმაუნდა ასეთი ფასი თეთრი მარწყვის განსხვავებულობის დამსახურებაა. ასევე, თეთრი მარწყვი ეს ჯიში წარმოადგენს საგვიანო ჯიშს და მისი კრეფა ამ დრომდე გაგრძელდა” – აცხადებს მეწარმე.

მისი თქმით, ეს მხოლოდ საცდელი წელი იყო, რადგან აქამდე ბაზარზე მსგავსი პროდუქტი არ გაყიდულა.

,,ძალიან კარგი გამოხმაურება გვქონდა, როგორც ადგილობრივი მყიდველებისგან, ასევე ტურისტებისგან. რათქმაუნდა ეს სეზონი ტურისტების აქტიურობის სეზონია და ამიტომ თეთრი მარწყვის დიდი ოდენობით წარმოება ძალიან კარგ შედეგებს მოიტანს.

ვფიქრობ ამ კულტურის განვითარებისთვის სხვადასხვა კუთხით, ასპარეზი ძალიან დიდია, რადგან მისი გაყიდვა შესაძლებელი იქნება ყველგან, სადაც სხვა ნებისმიერი ხილი იყიდება. თეთრი მარწყვის პოტენციური მყიდველები სუპერ და ჰიპერმარკეტები, აგრარული ბაზრები, საკონდიტროები, რესტორნები და სხვა ობიექტები არიან. ” 

გიორგი ლაცაბიძე სამომავლოდ წარმოების გაფართოვებას გეგმავს.

,, იქიდან გამომდინარე, რომ სამოსავლო ფართობის გაზრდას ვაპირებ, ამ წლისთვის თეთრი მარწყვის გასაყიდი ნერგები აღარ მექნება. იმედი მაქვს მომავალი წლისთვის ეს პრობლემა მოგვარდება. ასევე იმედი მაქვს, რომ ფერმერებიც დაინტერესდებიან და ამ ჯიშს ასპარეზი ფართოდ მიეცემა”, – აცხადებს მეწარმე.