ახალი ამბებითვითმმართველობა

მთავრობა სახელმწიფო ქონების დეცენტრალიზაციის პროექტის განხორციელდებას გეგმავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების დეცენტრალიზაციის მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ამ მიმართულებით პროექტი 2019-2020 წლებში განხორციელდება.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება მან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, პროექტის მიზანია სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვა რეგიონებში. ამისთვის კი იგეგმება ძირითადი გაუსხვისებელი ქონების გადაცემის მკაფიო კრიტერიუმების განსაზღვრა და გადაცემის პროცესის დაჩქარება, ასევე დამატებით საპრივატიზებოდ გადასაცემი ქონების გადაცემის მკაფიო კრიტერიუმების განსაზღვრა და გადაცემის პროცესის დაჩქარება.

,,პროექტი ასევე ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მონაცვლეობას. კერძოდ: მუნიციპალიტეტებს საშუალება ექნებათ, მათი ქონება გაცვალონ კერძო საკუთრებაში არსებულ ტოლფას ქონებაში, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით საკრებულოს თანხმობით. აღსანიშნავია, რომ პროექტი ბიბლიოთეკების, სპორტული მოედნების, სარიტუალო/საკლუბო დარბაზების და სასაფლაოების არსებული პროფილის შენარჩუნებით გადაცემას ითვალისწინებს. 

ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიანი პროექტი წარმატებით მიმდინარეობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის მიზანი იყო წლების განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების აღრიცხვა და რეგისტრაცია, მათი შემდგომში კერძო სექტორში გადასატანად და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩასართავად. 

დღეის მდგომარეობით ჯამში აღმოჩენილია 522 796 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება. შედეგად, სახელმწიფო მიიღებს დამატებით აქტივებს, რაც მნიშნველოვანი იქნება სასოფლო-სამურნეო სექტორის განვითარებისთვის”,– განაცხადა ნათია თურნავამ.