ახალი ამბები

ახალსოფლის ღია ბიბლიოთეკა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ღია ბიბლიოთეკა ამოქმედდა. პროექტი “ახალსოფლის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ” განახორციელა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შორენა ყარალაშვილი განმარტავს, რომ მსურველებს ღია ბიბლიოთეკიდან შეუძლიათ, წაიღონ უახლესი ლიტერატურა, წაიკითხონ და უკან დააბრუნონ.

,,თავდაპირველად ღია ბიბლიოთეკის შექმნის იდეა გაუჩნდა ერთ-ერთ ჩემს მოსწავლეს. იდეა მოგვეწონა და ახალგაზრდულმა ცენტრმა ამ იდეას ფრთა შეასხა. იმისთვის, რომ ახალი ლიტერატურა შეგვეძინა, სოფელში მოვაგროვეთ 750 კილოგრამი მაკულატურა, რომლის დახმარებითაც ვიყიდეთ უახლესი ლიტერატურა და შევინახეთ ღია ბიბლიოთეკაში’’,- განაცხადა შორენა ყარალაშვილმა.

სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების თქმით, ღია ბიბლიოთეკის ფუნქციონირება ხელს უწყობს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.

,,ძალიან გამიხარდა, რომ ახალსოფელში გაიხსნა ღია ბიბლიოთეკა და გვიხარია, რომ გვაქვს საშუალება, ბევრი საინტერესო წიგნი წავიკითხოთ. ღია ბიბლიოთეკას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს, ერთ-ერთი არის მისი განსაკუთრებული და თვალშისაცემი დიზაინი, ხოლო მეორე ხელმისაწვდომობა, რომელიც საშუალებას აძლევს მსურველებს, წაიღონ წიგნები და წაიკითხონ’’, – აცხადებენ ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდები.