ახალი ამბები

გადაუღებელმა წვიმამ თელავის აეროპორტში ინფრასტრუქტურა დააზიანა

ძლიერმა წვიმამ თელავის აეროპორტ ,,მიმინოში” პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო დაზიანდა ასაფრენი და დასაფრენი ბილიკების მიმდებარე ტერიტორია.
როგორც “კახეთის ხმას” აეროპორტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, წყალმა ბილიკებზე დიდი რაოდენობით ნაგავი და ქვა-ღორღი ჩაიტანა.
,,წყალმა აეროპორტის ასაფრენი და დასაფრენი ბილიკების მიმდებარე ტერიტორია დააზიანა, ღობე გადმოანგრია და მწყობრიდან არის გამოსული სანიაღვრე სისტემა. თუ დროულად არ გაიწმინდა და მოწესრიგდა სიტუაცია, განმეორებითი ძლიერი წვიმის შემთხვევაში სრულად გამოვა მწყობრიდან ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. ვესაუბრეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მივაწოდეთ უკვე ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ”, – განუცხადეს “კახეთის ხმას” აეროპორტ ,,მიმინოში”.

სოფელ კურდღელაურში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, მიხეილ ეგიდუნაშვილის ინფორმაციით, აეროპორტში პრობლემები უხვი ნალექის გამო ე.წ უსახელოური ხევის ნაპირებიდან გადმოსვლამ გამოიწვია.

,,რამდენიმე საათი გადაუღებლად წვიმდა,ხევი ნაპირიდან გადმოვიდა და ნაშალი და ნაგავი ჩაიტანა აეროპორტში. მერიის შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ მუშაობას და შესაბამისი ზომები გატარდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ”, – აღნიშნა “კახეთის ხმასთან” საუბრისას მიხეილ ეგიდუნაშვილმა.